GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ, უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში

მოგესალმებით ძვირფასო რაჭველებო, ლეჩხუმლებო, სვანებო.

ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია ჩემ მშობლიურ კუთხეში – რაჭაში სიტყვით გამოსვლა, მივესალმები ბატონ გოჩა ენუქიძეს, ამ რეგიონის არაჩვეულებრივ დეპუტატს. 

ქართული მთა ყველაზე დიდი რუდუნებით ინახავს ქართულ ფასეულობებს, ჩვენს სარწმუნოებას, ქართულ კულტურას.

თქვენ იცით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ იმგვარი რამ, რაც თვისებრივად  არ მიესადაგება ქართულ კულტურას  – ეს არის საყოველთაო სიძულვილი, ეს არის მოჭარბებული აგრესია, ეს არის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც მთლიანად გარედან არის ხელოვნურად თავს მოხვეული, მაგრამ მერე აქეთ გვსაყვედურობენ.

ნიშანდობლივია, რომ ამ სიძულვილმა, აგრესიამ და პოლარიზაციამ, ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის.

ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება. 

ყველას გახსოვთ, რომ 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი რეფერენდუმი საქართველოსთვის.  მაშინ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატია, თავისუფლება და პრაგმატული პოლიტიკა, რამაც საქართველოს მოუტანა გარდამტეხი ცვლილებები ყველა მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა რეჟიმი, რომელმაც ქუჩაში დახვრიტა ასზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც აწამებდა ადამიანებს ციხეებში თუ ციხეებს გარეთ, აყაჩაღებდა ბიზნესმენებს, კანონიერ მფლობელებს ართმევდა ტელევიზიებს, აყალბებდა არჩევნებს და რომელმაც თავისი მოღალატეობრივი დანაშაულის შედეგად, დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

ვერც ამ შემთხვევაში გავუშვებ ხელიდან შესაძლებლობას და უდიდეს მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ გარდატეხის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი იყო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ სად იქნებოდა დღეს საქართველო. საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს იმყოფება ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა.

ჩვენ არ დავემორჩილეთ კოორდინირებულ უმძიმეს ზეწოლას მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, არ დავემორჩილეთ მოთხოვნას სანქციებთან მიერთებისა და მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ეკონომიკურ კატასტროფას და ომს მოუტანდა, და უდიდესი რისკის ფასად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომლის თანადგომის გარეშე, ამ მასშტაბის ზეწოლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავუძლებდით. დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის. 

26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, მკრეხელობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში დამეთანხმებით არჩევანი ძალიან ადვილია. 

გასული 12 წლის განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მიღწევები, რომლებიც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ:

  • ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;
  • წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა მედია, ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
  • საქართველოს ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიც;
  • „ქართულმა ოცნებამ“ აამოქმედა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რითაც ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უკვე წლებია სარგებლობს;
  • ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;
  • რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი; 
  • სპორტის სფეროში ასევე რამდენჯერმე გაიზარდა დაფინანსება და თქვენ იცით რამხელა წარმატება მოუტანეს ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ თითოეული იმ წარმატებისთვის, რომელმაც სიამაყის გრძნობით აგვავსო. 
  • ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უდიდესი წარმატება მოუტანა;
  • ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;
  • 700 ათასამდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;
  • საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

საქართველოს განვითარება უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი თითოეული თქვენგანის ხელშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 26 ოქტომბერს იმართება გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ომზე მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!

რამდენიმე დღეში აღინიშნება, მარიამობა, თქვენთვის და ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საეკლესიო დღესასწაული და ყველას გილოცავთ წინასწარ ამ უდიდეს დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს და ფარავდეს სრულიად საქართველოს!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა