პოლიტიკა

Politico: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“

ფრანგმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა. მან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მის პოზიციებს ძირს უთხრიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრეტონი ბრიუსელში მის თანამდებობაზე მეორე ვადით წარადგინა, თუმცა ფრანგი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ფონ დერ ლაიენი მის ზურგს უკან ცდილობდა მაკრონის გადარწმუნებას.

„თქვენ საფრანგეთს სთხოვეთ ჩემი კანდიდატურა უკან გაეწვია – პირადი მიზეზების გამო, რომლებიც ჩემთან პირადად არ განგიხილავთ“, – მიმართა ბრეტონმა ფონ დერ ლაიენს სოციალურ ქსელ X-ზე.

Politico წერს, რომ ეს მოულოდნელი ფაქტია ევროკავშირში ძალაუფლების გადაცემის პროცესში, რომელსაც უკვე აჭიანურებს წევრი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკა და ფონ დერ ლაიენის მცდელობები კომისრების კოლეგია გენდერული ბალანსის პრინციპის დაცვით შეადგინოს. სლოვენიამ და რუმინეთმა ევროკომისიის პრეზიდენტის ზეწოლის გამო კაცი კანდიდატები ქალებით უკვე ჩაანაცვლებს.

ბრეტონი წერს, რომ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“. Politico კი აღნიშნავს, რომ ბრეტონსა და ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოება როგორც კერძო საუბრებში, ასევე საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე უკვე 5 წლის განმავლობაში გრძელდება.

The Guardian-ი წერს, რომ ბრეტონი არასოდეს ერიდებოდა თავისი უფროსის კრიტიკას. შარშან ის შეუერთდა სხვა კოლეგებს და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ფონ დერ ლაიენმა ერთ-ერთ თანამდებობაზე თავისი თანამემამულის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრის დანიშვნა გადაწყვიტა. პოლიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ შერჩეული კადრი სხვა კანდიდატებზე ნაკლებად კვალიფიციური იყო.

როდესაც ფონ დერ ლაიენი წელს ხელახლა იყრიდა კენჭს, ბრეტონმა ეს გადაწყვეტიელბა ეჭვქვეშ დააყენა. „შესაძლებელია თუ არა ევროპის მართვის (ხელახლა) EPP-სთვის კიდევ ხუთი წლით მინდობა?“, – დაწერა მან X-ზე მას შემდეგ, რაც მემარჯვენე-ცენტრისტულმა ევროპის სახალხო პარტიის ალიანსმა ფონ დერ ლაიენს აბსოლუტური უმრავლესობა მისცა მისი კანდიდატად არჩევისას. „თვითონ EPP-ს, როგორც ჩანს, არ სჯერა თავისი კანდიდატის“, – დაწერა ფრანგმა დიპლომატმა.

ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა მეორე ვადით აირჩიეს, დიდი ხანია აბრალებენ იმას, რომ მას აკლია გამჭვირვალობა და ვერ ახერხებს უმაღლეს თანამდებობაზე მომუშავე კოლეგების ჩართვას გადაწყვეტილების მიღებაში.

ბრეტონის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პარიზს კომისრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარდგენა მოუწევს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,906,875 ნახვა