GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე- ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე

„ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თელავში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამომრჩეველთა 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. 

მისივე თქმით, საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს.

„აი ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი ანუ, საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს. საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ. 

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ.  მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით.  ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,185 ნახვა