Uncategorized

დიმიტრი გვრიტიშვილი: IPSOS-ის კვლევა განსხვავდება ე.წ. არასამთავრობო სექტორის გაურკვეველ სუბიექტთა მიკერძოებული ,,კვლევებისაგან“, რომელთა გაგზავნა ხდება უცხოელ პარტნიორებთან, რათა დააზიანონ სასამართლოს ავტორიტეტი – ეს ძალები შეეცდებიან მიჩქმალონ ან დააკნინონ ამ კვლევის შედეგები, რადგან მათი მიზანი მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, IPSOS-ის მიერ საქართველოს მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევის შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს სისტემის უდავო პროგრესს რამდენიმე გარემოება ადასტურებს.

როგორც გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, 2024 წელს და 2018 წელს კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით, ნათლად ჩანს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებული მდგომარეობა. თუმცა, მისივე თქმით, ამ კვლევას, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ძალების გარკვეული ნაწილი ან არ შეიმჩნევს, ან შეეცდება დააკნინოს, ვინაიდან მათი მიზანი მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციაა და არა ობიექტური რეალობის წარმოჩენა.

“გავეცანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, კონსორციუმ „Ipsos France“-ის და პროფესორი იან ვან დაიკის მიერ საქართველოს მოსახლეობისა (გამოიკითხა 2000 რესპონდენტი) და სამართლის პროფესიული წრეების კვლევის შედეგებს (იხ: https://www.justice.gov.ge/?m=articles&id=kpVk6xQ9OO).

ვეცდები, თქვენი ყურადღება მივაპყრო, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მონაცემებს და უდავო პროგრესის დასადასტურებლად, შევადარო 2018 წელს საქართველოში ჩატარებული, ანალოგიური გამოკითხვის შედეგებს. მოსახლეობის 84% საქართველოს მიიჩნევს ,,უსაფრთხო ქვეყნად“; აღსანიშნავია, რომ 142 ქვეყანაში ამ მაჩვენებლით საქართველო 1-ლ ათეულში ხვდება სინგაპურთან, შვეიცარიასთან და ნორვეგიასთან ერთად. დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, მოსახლეობის 61% სასამართლო სისტემას აფასებს დადებითად; ამასთან, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (53%), ასევე – გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ე.წ. ახალი დემოკრატიის ქვეყნებშია დაფიქსირებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს დადებითად აფასებს გამოკითხულ პროკურორთა 98.8% და ადვოკატთა 73.4%. მოსახლეობის 53% უცხადებს ნდობას სასამართლო სისტემას; ამასთან, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 16%-ით. მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ სასამართლო მხარეებს თანასწორად ეპყრობა; ამასთან, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 13%-ით. მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ განხორციელებულ რეფორმებს განვითარების თვალსაზრისით სასამართლო სწორი მიმართულებით მიჰყავს; ამასთან, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 16%-ით.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობისათვის სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირება უნდა იყოს პრიორიტეტული (შედარებისათვის: ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მოსახლეობის 42% მიიჩნევს მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოში; 34% ფიქრობს, რომ მთავარია დასაქმების და უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა და ა.შ.). პროფესიულ წრეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოირკვა, რომ: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, პროკურორთა 98.8%-ის და ადვოკატთა 65.3%-ის აზრით, უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობას; ამასთან, ეს მაჩვენებლები, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია შესაბამისად 18.6%-ით და 28.3%-ით! ბ) მოსამართლეთა დანიშვნის წესი, გამოკითხულ პროკურორთა 97.6%-ის და ადვოკატთა 62.3%-ის აზრით, უზრუნველყოფს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას; ამასთან, ეს მაჩვენებლები, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია შესაბამისად 21.1%-ით და 28.9%-ით! გ) მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურების ღიაობით კმაყოფილებას გამოთქვამს გამოკითხულ მოსამართლეთა 93.6%, ხოლო 91.9% ფიქრობს, რომ დაწინაურების შესაძლებლობა ყველას აქვს თანაბრად; ამასთან, ეს მაჩვენებლები, 2018 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია შესაბამისად 3.7%-ით და 4.7%-ით.

საბოლოო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმები კარგად იქნა მიღებული მოსახლეობის და პროფესიული წრეების დიდი უმრავლესობის მხრიდან. საერთაშორისო პერსპექტივიდან, საქართველოში მოსამართლეები საგრძნობლად უფრო დადებითად აფასებენ თავიანთ დამოუკიდებლობას, ვიდრე საშუალოდ ევროკავშირის მოსამართლეები და განსაკუთრებით „ახალ დემოკრატიებში“ მომუშავე მოსამართლეებთან შედარებით. ხაზი უნდა გაესვას კვლევის ჩამტარებელი სუბიექტების სტატუსს და ავტორიტეტს: კონსორციუმი „Ipsos France“ მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამეა; იგი 1975 წელს დაარსდა პარიზში და დღეს 90-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

პროფესორი იან ვან დაიკი არის ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, რომელიც, წლების განმავლობაში, ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, აგრეთვე იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. იან ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით. მკვლევართა სწორედ ეს სტატუსი და ავტორიტეტი ანიჭებს წარმოდგენილ კვლევას უდავო მტკიცებულებით ძალას. სწორედ ამით განსხვავდება ეს კვლევა სასამართლოს საკითხებზე მომუშავე, ე.წ. არასამთავრობო სექტორის გაურკვეველ სუბიექტთა მიერ საკუთარ 20-კაციან ბაბლებში ჩატარებული, მიკერძოებული და ტენდენციური ,,კვლევებისაგან“. სწორედ ასეთი კუსტარული, შინაურული ,,კვლევების“ გაგზავნა ხდება უცხოელ პარტნიორებთან, რათა დააზიანონ სასამართლოს ავტორიტეტი. რაღა თქმა უნდა, ეს სუბიექტები და გარკვეული, რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან – საერთოდ არ შეიმჩნიონ, მიჩქმალონ ან დააკნინონ ამ კვლევის შედეგები, რადგან მათი მიზანი ხომ სასამართლოს მხოლოდ და მხოლოდ დისკრედიტაციაა და არა ობიექტური რეალობის წარმოჩენა. ნათელია, რომ გაანალიზებული კვლევით გამოვლენილი მონაცემები არის სასამართლო ხელისუფლების (აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან კოორდინაციით და თანამშრომლობით) მრავალწლიანი თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. ამ მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ, როგორც მართლმსაჯულების სისტემის, ისე ჩვენი ქვეყნის უწყვეტი და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.” – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,007 ნახვა