პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე- ის ახალგაზრდები, რომელთა ტვინების გამორეცხვასაც მიაღწიეს, დღეს მონობას თავისუფლებად აღიქვამენ, სამშობლოს ღალატს პატრიოტიზმად, ქვეყნის რყევას -ქვეყნის დაცვად, სხვების დაკრულზე ცეკვას – ინდივიდუალიზმად, უცხო ქვეყნის მიერ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას – ევროპულ ღირებულებად

ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სათაურით „ტვინების გამორეცხვის შედეგი რუსთაველზე“.

მისი თქმით, დაიწყო ახალგაზრდებისთვის ტვინების გამორიცხვის ახალი ეტაპი. ყველა პროპაგანდისტული მედიასაშუალება მთელი დატვირთვით ამუშავდა და თავში უტენიან გულუბრყვილო მოქალაქეებს, რომ „ამ წუთებში სამშობლოს ბედი წყდება!“ რომ „ყველა პატრიოტის ვალია ქუჩაში გავიდეს!“ რომ „სამშობლოს გვართმევენ!“ რომ „რუსეთში მიგვათრევენ!“ და ა. შ. და ა. შ.

„უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ აგენტურას იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი ამჯერად მაინც მიაღწევს ახალგაზრდების ტვინებამდე. მთავარია, მათ არ გაიაზრონ, რეალურად რას ნიშნავს ის განცხადება, რომელიც ფსევდოლიბერლმა პროპაგანდისტებმა გაუკუღმართებულად ჩაუტენეს თავში გაუთვითცნობიერებელ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებმა არ უნდა გაიგონ, რომ გაწევრიანებისათვის მოლაპარაკების დაწყება თვითონ ევროკავშირმა შეაჩერა და არა საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ კი ამას მხოლოდ იმით უპასუხა, რომ თუ თქვენ ასე დისკრიმინაციულად უდგებით ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ შანტაჟისთვის და დიქტატისთვის იყენებთ ამ ფორმალურ მოლაპარაკებას, მაშინ ჩვენ თვითონ ვაჩერებთ ამ მოლაპარაკების მოთხოვნას 2028 წლამდე. ამ წელს კი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯების 90% ექნება შესრულებული და 2030 წლისთვის ყველა კანდიდატზე უკეთესად ვიქნებით მომზადებული გაწევრიანებისთვის. თანაც, იმასაც უმალავენ ახალგაზრდებს, რომ თვითონ ევროკავშირს სწორედ 2030 წლამდე აქვს შეჩერებული ყველაირი გაწევრიანება და ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება 2030 წლამდე 2 წლით ადრე მოხდება თუ 15 წლით ადრე, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საბოლოო შედეგისთვის. ამას ადასტურებს მრავალი ქვეყნის მაგალითი, რომლებთაგან ზოგი 10 და 15 წელია უკვე იმყოფება მოლაპარაკებებში და ჯერ ისევ მხოლოდ კანდიდატები არიან.

ფსევდოლიბერალურმა პროპაგანდამ მიაღწია იმას, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს წაართვა განათლება, პატრიოტიზმი, უფლის სიყვარული და ჩაანაცვლა ლგბტ-ს რელიგიით. ის ახალგაზრდები, რომელთა ტვინების გამორეცხვასაც მიაღწიეს, მანქურთებს დაემსგავსნენ და დღეს მონობას თავისუფლებად აღიქვამენ, სამშობლოს ღალატს პატრიოტიზმად, ქვეყნის რყევას და ნგრევას-ქვეყნის დაცვად, სხვების დაკრულზე ცეკვას – ინდივიდუალიზმად, უცხო ქვეყნის მიერ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას – ევროპულ ღირებულებად.

ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა ევროპული და დემოკრატიული ფრაზეოლოგიით შენიღბული მოღალატე დედაკაცი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სხვა ინტერესებთან ერთად ეხლა აწუხებს საკუთარი თანამდებობის ვადის როგორმე გახანგრძლივება.

ქვეყნის შიდა აგენტურაზე დაყრდნობით შინა არეულობის, ქაოსისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობების პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარე და შიდა მტრებისათვის ხელიდან გაეგდებინათ შანტაჟის იარაღი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკების დაწყების სახით და თვითონ შეაჩერა ამ მოლაპარაკების დაწყება 2028 წლამდე. ეს არ ნიშნავს ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმას, ეს ნიშნავს შანტაჟისაგან და ქვეყნის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობისაგან თავის დასაცავად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯს და ბრძოლას ფსევდოლიბერალიზმის წინააღმდეგ. ყველა ჭეშმარიტი პატრიოტისთვის ეს ძალიან მარტივად გასაგებია, მადლობა ღმერთს, ასეთები ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობაა და ისინი არ დაუთმობენ სამშობლოს ქვეყნის მოღალატეებს, ავანტურისტ ფსევდოლიბერალებს და მათი პროპაგანდით ტვინგამორეცხილ, შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდების ნაწილს“,-წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,907,011 ნახვა