რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ განაცხადა, რომ საკუთარ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (PSD) კოალიციიდან გასვლის წინადადებას წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კოალიციამ ვერ მიაღწია მიზანს – თავისი კანდიდატი კრინ ანტონესკუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გაიყვანა, ამიტომ აპირებს, კოლეგებს ამ კოალიციიდან გასვლა შესთავაზოს.
„ჩემი კოლეგები თუ კოალიციიდან გასვლის სასარგებლოდ ხმას მისცემენ, მე, როგორც კოალიციის პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას რუმინეთის დროებით პრეზიდენტთან დღესვე შევიტან“, – აღნიშნა ჩოლაკუმ.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა. მან ხმათა 40,94% მიიღო, ხოლო ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა – 20,99%. არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.