ჩვენს ქალაქს არასდროს ახასიათებდა ეთნიკური მიუღებლობა. პირიქით, ბათუმი არის ლიბერალური ქალაქი, სადაც ერთად ცხოვრობს ყველა აღმსარებლობისა და რწმენის მოსახლეობა. დიახ, ჩემთვის ეს არის ევროპული ღირებულებები და ლიბერალიზმი,-ამის შესახებ ისტორიკოსი თინათინ ფუტკარაძე მშობლიური კუთხის, აჭარის და მშობლიური ქალაქის, ბათუმის შესახებ საუბრისას გვიყვება.
მისი თქმით, განსხვავებული აზრი არ აღიზიანებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება, ვისაც წარსულში ღირსეულად უცხოვრია.
-.დღეს ბათუმი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია . მოგვიყევით თქვენი ქალაქის შესახებ პირადი დამოკიდებულებით მისი ისტორიისა და დღევანდელობის მიმართ.
– საქართველო ერთი მუჭა ქვეყანაა და მისი დაყოფა ქალაქებად და სოფლებად ჩემი მიზანი არაა, მაგრამ რადგან ეს კითხვები ბათუმზეა, შევეცდები ვიყო გულწრფელი. პირველ რიგში, ერთმნიშვნელოვნად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი პროფესიაც მასთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით, დავიბადე გამორჩეული ისტორიის მქონე ევროპული ღირებულებების ქვეყანაში. საქართველოს ამშვენებს თავისი კუთხეები, მასში შემავალი ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული ეთნოგრაფიული თვისებებით, რომელიც საერთო ჯამში, ერთი დიდი ლამაზი ოჯახია.
ჩვენი ქვეყნის კუთხე -კუნჭულები განსაკუთრებული ხელოვნების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ოდიდგანვე. ფოლკლორით, დიალექტებით, მეგრული, სვანური, ლაზური ენებით, რაც ამდიდრებს ჩვენი კულტურის ხარისხსა და მრავალფეროვნებას. ალბათ, ყველა ქართველს სხვადასხვაგვარი რეაქციები გვაქვს სხვადასხვა კუთხის მიმართ და სიყვარულსაც განსხვავებულად გამოვხატავთ. როცა საქმე აჭარას ეხება და მშობლიურ ქალაქზე ვიწყებ საუბარს, ფაქტია, რომ სუბიექტური ვხდები. ახლაც კი იმას გეტყვით, რომ ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალაქში დავიბადე. მულტინაციონალური მოსახლეობით. ჩვენს ქალაქს არასოდეს ახასიათებდა ეთნიკური მიუღებლობა. პირიქით, ბათუმი არის ლიბერალური ქალაქი, სადაც ერთად ცხოვრობს ყველა აღმსარებლობისა და რწმენის მოსახლეობა. დიახ ჩემთვის ეს არის ევროპული ღირებულებები და ლიბერალიზმი.
ბუნებრივია სადაც დავიბადე და გავიზარდე იმ კუთხის სიყვარული უკიდეგანოა. ბათუმი არის და რჩება იმ ლამაზ ქალქებს შორის, რომელიც ტურისტებისთვის მუდამ მიმზიდველი იყო. ამას, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ზღვის ნაპირი. ბათუმი არის აჭარის ერთ – ერთი მთავარი ადმინისტრაციული ერთეული. მას თითქმის 140 წელზე მეტია, მიენიჭა ქალაქის სტატუსი და ამის შემდეგ ქალქის განვითარება ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. ზოგჯერ ის ადამიანის ცხოვრებას ჰგავს, ხან კარგადაა ხან ცოტა ცუდად, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებს სტაბილურობას. ეს ის შედარებაა, რომელიც ხშირად გამჩენია მის მიმართ.
–– ბათუმთან დაკავშირებით, ყველაზე გამორჩეული მოგონებები გაგვიზიარეთ
– ჩემი მოგონებები მთლიანად ბათუმთანაა კავშირში. სადაც დავიბადე, სკოლა დავამთავრე, დღემდე ვცხოვრობ, ვმუშაობ, ყოველი მეორე დღე წინა დღის მოგონებაა, მაგრამ მე უფრო მნშვნელოვან ადამიანებზე გავამახვილებდი ყურადღებას და მათ კავშირს ბათუმთან, ვიდრე ჩემს პირად მოგონებებს.
ბათუმი მუდამ ყოფილა ცნობილი ადამიანების შთაგონების წყარო. არა მარტო ქართველებისთვის. უცხოეთიდან ჩამოსული მწერლები და პოეტები ვერ მალავდნენ ქალაქის მიმართ გამორჩეულ ლტოლვას. ამ ქალაქში არა ერთ ცნობილ ხელოვანს უცხოვრია. ცნობილი მეცენატებისთვისაც ყოველთვის იყო შავი ზღვის ღრმა ნაპირი საინტერესო და მიმზიდველი. არა ერთ ცნობილ ისტორიკოსს და პუბლიცისტს უმოგზაურია აჭარაში, საკმაოდ მოხიბლულან და მათ კვლევებში ბევრჯერ შეხვდებით აჭარის შესახებ ცნობებს. ამბობენ, ბათუმს ყველა სტუმრისათვის დაუმახსოვრებია თავი. ვისთვის წვიმით და ვისთვის ულამაზესი მზისა და ზღვის საოცარი დაისით.
– ბათუმთან დაკავშირებით თქვენი ტკივილებიც გაგვიმხილეთ
– მე 80 – იანებში დავიბადე და 90 -ინების ბათუმში გავიზარდე. ყველა ის გარდამავალი პერიოდი გავიარე, რაც ჩემმა თაობამ გაიარა იმ წლებში. დღევანდელი გადასახედიდან არც კი მჯერა, რომ იმ პერიოდში ვიცხოვრე და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ყოფა იყო. უწყლობა, სიცივე, უშუქობა. მაგრამ ალბათ იმ პერიოდს მაინც დიდი სიყვარულით იმიტომ ვიხსენებთ ჩვენი თაობა, რომ ჩვენი თინეიჯერობა მაშინ იყო. ჩვენც ის უშუქო წლები მაინც ტკბილ მოგონებად დაგვრჩა და ამაზე კი აღარ ვწუწუნებთ, პირიქით, სიყვარულით ვიხსენებთ. რა თქმა უნდა, მტკივა ის პერიოდი და დადებითების გარდა, ტკივილს იწვევს დღევანდელი გადასახედიდან. ვიცხოვრეთ უშუქო და უგაზო საქართველოში. რომ არა ქართველების მეზობლობის ინსტიტუტი, ერთად დგომა, მაგალითად, თუ ვინმესთან იყო გათბობა, იქ იყო ყველა მეზობელი. სადაც იყო შუქი, გენერატორის საშუალებით, იქ ყველას შეგვეძლო სტუმრობა და მსგავსი დამოკიდებულების გარეშე ალბათ უფრო მტკივნეულად გამახსენდებოდა ყველაფერი. ახლაც რომ ვიხსენებ, როგორ მიყვარს ჩემი ბათუმური წარსული, ჩემი მეზობლები და თანაქალაქელები, ვფიქრობ, ჩემთვის ბათუმელობა სტატუსია.
-ცოტა ხნით გახდებით დღევანდელი ბათუმის გიდი?
– დიდი ხნით გავხდები. ბათუმს აღმოსავლეთით ესაზღვრება არსიანის ქედი, დასავლეთით შავი ზღვა, ჩრდილოეთით აჭარა გურიის მთები, სამხრეთით დიდი თურქეთის რესპუბლიკა. ქალაქი ბათუმი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც ერთდროულად ხარობს პალმა და წიწვოვანი მცენარე, რაც მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობაზე მიუთითებს.
– ქალბატონო თინათინ, თქვენ, როგორც ისტორიკოსი, არა ერთხელ იყავით ჩვენი რესპონდენტი და თითქმის არასოდეს პასუხობთ პოლიტიკურ კითხვებს. რატომ არიდებთ თავს მსგავს კითხვებზე პასუხს. არასოდეს გქონიათ კითხვები პოლიტიკოსებთან?
– დღესაც შევეცდები ასე მოვიქცე და მოკლედ გიპასუხოთ. პირადად მე განსხვავებული აზრი არ მაღიზიანებს, ვიღაცა მომწონს, ვიღაცას არ მოწონს. ამაში განსაკუთრებულს და საგანგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება ვისაც წარსულში ღირსეულად უცხოვრია, არ ასოცირდებიან პოლიტიკურ კრიმინალურ დამნაშავეებთან. ყოველთვის პატივს სცემდნენ კანონს. ამ ტიპის ადამიანებისგან განსხვავებული აზრი, სრულიად ჯანსაღია ჩემთვის. და ისევ და ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ ყველას ერთნაირად ხომ არ უნდა მოგვწონდეს ყველაფერი.
– დღეს აჭარა, ქალაქი ბათუმი ადგილობრივი მოქალაქის, ისტორიკოს თინათინ ფუტკარაძის თვალით როგორია?
– რამოდენიმეჯერ სამსახურის გამო მომიწია დედაქალაქში ცხოვრება. არა ერთ სამსახურში ვიმუშავე სხვადასხვა დროს ჩემთვის სასურველ პოზიციებზე. როცა დედაქალაქის გზას დავადგებოდი, თბილისში ჩასვლამდე ვგეგმავდი, რომ ეს იყო მხოლოდ დროებითი და აუცილებლად უკან დავბრუნდებოდი. ცოტა პოზიტიური რომ გავხადოთ ჩვენი საუბარი, გეტყვით, ჩემთვის დედაქალაქი მშობლების სახლია, გათხოვილი გოგო რომ ესტუმრება, რამდენი ხანიც უნდა იყოს, მაგრამ თუ არ განქორწინებულა აუცილილებლად უნდა დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, თავის ქმარ- შვილთან. ჩემთვის ეს არის ბათუმი .
– მაინც აარიდეთ თავი კითხვას?
– ხო ალბათ, მაგრამ მე ხომ ძირითადად, ჩემს ქალქსა და ჩემს შორის დამოკიდებულებაზე გიამბეთ. აჭარის ისტორია და მისი საოცარი არტ- ფაქტები დღეს ყველგან მოიპოვება და ამიტომ ბევრი აღარ გავაგრძელე. თუ თქვენ ერთი ბათუმელის აზრი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ სრულიად გულწრფელად: დღეს აჭარას მართავენ ყველაზე არაკორუმპირებული, საქმეზე ორიენტირებული და პროფესიონალი ადამიანები და ესენია ახლად დანიშნული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. მე მათ ულევ წარმატებებს ვუსურვებ აჭარის მოსახლეობასთან ერთად.
ერთს დავამატებდი დასასრულს. დიდმა საზოგადო მოღვაწემ, ილია ჭავჭავაძემ, ილია მართალმა ყველა სხვა საქმე გადადო და ბათუმში ჩამოვიდა, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი კუთხის ნათელი მომავლისათვის. მე, როგორც რიგითი ბათუმელი მუდამ ვთვლი, რომ ვალდებული ვართ პატივი ვცეთ 1894 წლის ბათუმის თვითმმართველობის არჩევნებს. ამ ფაქტის მიმართ ჩემი წილი პასუხისმგებლობა გამაჩნია.
მე პატივს ვცემ დიდი საზოგადო მოღვაწის ლუკა ასათიანის მიღწევებს ჩვენი ქალქის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ როცა გახსოვს და გიყვარს შენი წარსული, იქვე ჩანს შენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება.
ჩვენ თითოეულ ქართველს არაერთი მაგალითი გვაქვს პატრიოტიზმის, თავდადების, ქვეყნის სიყვარულისთვის თავგანწირვის, ღირსეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანების შესახებ. საქართველოს ისტორია გვიყვება იმ დიდ ადამიანებზე, ვინც შეძლო საქართველოს გაძლიერება და შედეგად, მტერმა ვერაფერი დაგვაკლო. მე მხოლოდ პროფესიული თვალთახედვით მინდა ყველა პოლიტიკოსს ვუსურვო მოსახლეობის პატივისცემა, სიყვარული. წლებმა ვერ წაშალოს მათ მიერ გაკეთებული კარგი საქმეები. თაობებს ახსოვდეთ მათი კარგი საქმეები.
– რამეს ხომ არ დაამატებდით, რას ეტყოდით ბათუმელებს ერთად შეკრებილები, რომ გენახათ?
– მე თქვენ ყველანი მიყვარხართ. ჩვენს ქალაქში არავის არ უნდა შიოდეს, აბა აქ რისთვის ვართ ჩვენ. გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული. თუ ყველაფერი ისე არაა როგორც გვინდა, ამან არ უნდა დაგაღონოთ. ულამაზესია ბათუმი დღეს, ხშირად გაიარეთ მშობლიურ ქუჩებში და შეიგრძენით საკუთარი ქალაქის სიყვარული.