რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტი აკრძალეს, რასაც მოსკოვის საავიაციო ფლოტი უნდა შეემცირებინა. მიუხედავად ამისა, ფინური მედიის გამოძიებით, 3 წლის განმავლობაში, მოსკოვმა Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავების $1.2 მილიარდის ღირებულების ნაწილები შეისყიდა.
საუბარია 2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე შესრულებულ 4000-მდე გადაზიდვაზე, გლობალურად 360 კომპანიის მონაწილეობით, რომელთა უმრავლესობაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაბონში, ჩინეთსა და თურქეთშია რეგისტრირებული. შესაბამისად, გამოძიების თანახმად, რუსეთი კვლავ ყიდულობს ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა რადარის სისტემები, ძრავები, სავარძლის ბალიშები, დეტექტორები და ა.შ.
სანქციებისთვის გვერდის ავლა მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილებით არ შემოიფარგლება. აღნიშნული თვითმფრინავების უმრავლესობა დასავლური კომპანიების საკუთრებაში იყო. სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთთან გაფორმებული საიჯარო კონტრაქტები გაუქმდა, თვითმფრინავები კი ქვეყანაში დარჩა. შედეგად, კრემლმა 10 მილიარდ ევრომდე ღირებულების 500-ზე მეტი თვითმფრინავი საკუთარი ავიაციის ნაწილად ხელახლა დაარეგისტრირა.
სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთში გაგზავნილი ნაწილების 1/3-ზე პასუხისმგებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოღებული არ აქვს, რის გამოც ის რუსეთში პროდუქტების გადამისამართებისთვის ერთგვარ ჰაბადაც იქცა. Airbus და Boeing ამ არხებთან ნებისმიერი სახის კავშირს არ ადასტურებენ.
ფინურ მედიასთან კომენტარში Airbus-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია კანონს იცავს და ოფიციალური წარმოების მისაკვლევად საჭირო მექანიზმებსაც ატარებს, თუმცა ყალბი ან აღურიცხავი პროდუქციის პოვნის შესაძლებლობა მას არ აქვს. Boeing-ში აცხადებენ, რომ 2022 წლიდან კომპანია აშშ-ისა და გლობალურ სანქციებს მიჰყვება.
bmg