ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიას აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ როგორ დაკარგა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი ძალა ცივი ომის შემდეგ.
სტატიაში – არასამთავრობო ორგანიზაციების „ოქროს ხანის“ დასასრული? – აღნიშნულია, რომ „1990-იანი წლები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ოქროს ხანა იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ისეთი ცნობილი ჯგუფები, როგორებიცაა Amnesty International-ი, Greenpeace-ი და Oxfam-ი, ზრდიდნენ ბიუჯეტებს და აფართოებდნენ გლობალურ გავლენას“.
„1990-დან 2000 წლამდე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების (არა-კომერციული ჯგუფები, რომლებიც ძირითადად დამოუკიდებელნი არიან მთავრობებისგან და მრავალ ქვეყანაში საზოგადოებრივი სიკეთისთვის მოღვაწეობენ) რაოდენობა 42 პროცენტით გაიზარდა. ათასობით ორგანიზაცია დაარსდა. ამ ორგანიზაციებიდან ბევრი ლიბერალურ იდეალებს ემხრობოდა, მაგალითად, ლგბტქ უფლებებსა და იარაღის კონტროლს. კონსერვატიული ჯგუფებიც გაჩნდნენ, რომლებსაც კონკურენტი პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდათ“, – წერენ სტატიის ავტორები.
„რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებად იქცნენ. ახლად შექმნილმა ორგანიზაციებმა შეცვალეს სახელმწიფო პოლიტიკა. 1997 წელს, ჯესიკა მეთიუსი Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ ესეში ამტკიცებდა, რომ ცივი ომის დასრულებამ მოიტანა „ძალაუფლების გადანაცვლება“: გლობალური სამოქალაქო საზოგადოება, ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, ართმევდა ავტორიტეტსა და გავლენას სახელმწიფოებს. მეთიუსის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად იღებდნენ საკუთარ თავზე განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პასუხისმგებლობას, ახორციელებდნენ ზეწოლას მთავრობებზე საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს და ადგენდნენ პოლიტიკის დღის წესრიგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „დღეს სურათი საგრძნობლად განსხვავებულია. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობამ სტაგნაცია განიცადა – 2010-დან 2020 წლამდე მათი რიცხვი ხუთ პროცენტზე ნაკლებით გაიზარდა“.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გაღრმავდა საზოგადოების სკეპტიციზმი არასამთავრობო ორგანიზაციების ღირსებებისა და უპირატესობების მიმართ, მთავრობებმა დახვეწეს სტრატეგიები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელს შესაშლელად და შემოსავლების მრავალმა წყარომ, რომელიც უზრუნველყოფდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას – მაგალითად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც ოფიციალურად მიმდინარე კვირაში დაიხურა – ამოწურვა დაიწყო. საერთო ჯამში, არასამთავრობო სექტორს ნაკლები პოლიტიკური შესაძლებლობა და რესურსი აქვს, ვიდრე ოდესღაც ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაკარგეს ძალაუფლება წინა ათწლეულებთან შედარებით. სახელმწიფოებმა ეს ძალაუფლება დაიბრუნეს. შედეგი არის არასამთავრობო ორგანიზაციების ეპოქის დასასრული – დიდი დანაკარგი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ორგანიზაციების მომსახურებაზე იყო დამოკიდებული, და მოგება ავტოკრატიული მთავრობებისთვის, რომლებიც მათ საქმიანობას საფრთხედ აღიქვამდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირველად გამოჩნდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, პრინციპული საქმიანობისადმი ერთგულება და არაკომერციული ხასიათი განასხვავებდა მათ მთავრობებისა და კერძო კომპანიებისგან“.
„თუმცა, 21-ე საუკუნის დასაწყისისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა მატულობდა. სკეპტიკოსები როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფლანგიდან, კითხვებს სვამდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და ვრცელი პოლიტიკური გავლენის შესახებ. […] ევროპარლამენტის წევრებმა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციაში, გაუმჭვირვალობასა და ევროკავშირის მიზნების, ღირებულებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებში დაადანაშაულეს. გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ეჭვქვეშ დააყენა სამთავრობო დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ და რამდენიმე მათგანი პარტიულ საქმიანობაში დაადანაშაულა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ „აღქმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, უპირველეს ყოვლისა, დონორებისა და მედიის კეთილგანწყობის მოპოვებაზე არიან ორიენტირებულნი, ასუსტებს შეხედულებას, რომ ისინი განსხვავდებიან კომერციული ორგანიზაციებისგან“.
ედელმანის ნდობის ბარომეტრის 25-წლიანი კვლევის ისტორიაში, რომელიც 28 ქვეყანაში ტარდებოდა, 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ უფრო მეტად ენდობოდნენ ბიზნესებს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პოლიტოლოგ სუპარნა ჩაუდჰრის კვლევის მიხედვით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, 130-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო შეზღუდვები საერთაშორისო და უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თითქმის ყველა საგარეო დახმარების პროგრამა შეწყვიტა.
„ეს ტენდენცია ტრამპის პრეზიდენტობამდე დაიწყო და ამერიკის შეერთებული შტატებს სცდება. განვითარების ბიუჯეტები ევროპაშიც აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. ზოგიერთ შემთხვევაში ზეწოლა მემარჯვენე პარტიებისგან მოდის, როგორც ნორვეგიასა და შვედეთში. გერმანიამ, რომელიც დახმარების კუთხით მსოფლიოში სიდიდით მეორე დონორია, მკვეთრად შეამცირა როგორც ჰუმანიტარული, ასევე განვითარების დახმარება. […] არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების რაოდენობა მცირდება. მთავრობის უმაღლეს ეშელონებში იზრდება სკეპტიციზმი ამ ჯგუფების უცხოური დახმარების გასაწევად გამოყენების გონივრულობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სტატიაში.