პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ეს არის მოთმინების ზღვარგადალახული ხალხის რეაქცია, რომელიც უკიდურესად დაიღალა. ომი უკვე თითქმის ოთხი წელია გრძელდება, გამარჯვება არ ჩანს, რეფორმები ჩიხშია”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს პროტესტი დასავლელი ბიუროკრატების მიერ არის მართული და უკრაინაში პოლიტიკური ელიტის ჩანაცვლების სცენარი მზადდება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დავით ქართველიშვილი წერს თუ რა შედეგებითა და პროცესებით შეიძლება დასრულდეს უკრაინაში მიმდინარე პროტესტი.
“უკრაინის მსხვილ ქალაქებში განვითარებული მასობრივი საპროტესტო აქციები გაგანია ომის პირობებში, რომლებსაც არ ეხებიან (!) სამართალდამცველები, საჭიროებენ დეტალურ განხილვას, მათ ფაქტობრივ კონტექსტზე დაყრდნობით:
1) აქციების ფორმალური საბაბია უკრაინის ანტიკორუფციული სტრუქტურა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დასავლეთის მხრიდან (განსაკუთრებით ევროკავშირის და სავალუტო ფონდისგან), ფინანსური დახმარებისა და ევროპული ინტეგრაციის სანაცვლოდ, კორუფციასთან ბრძოლაა.
2) მცდელობები, შეიზღუდოს ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს (NABU), სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAP) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული სასამართლოს უფლებამოსილება აღიქმება როგორც მცდელობა, ქვეყანაში “დაბრუნდეს” ოლიგარქიული მმართველობა (რომელიც არსად არ გამქრალა) ან ხელისუფლებამ სრულად დაიმორჩილოს მისთვის პოტენციურად სახიფათო კორუფციული “ნაღმები”.
3) პროტესტები, რომლებიც მართლაც მასშტაბური და კარგად ორგანიზებულია (სამხედრო მდგომარეობისა და განსხვავებული აზრისადმი მკაცრი დამოკიდებულების ფონზე), უკვე თავისთავად გამორჩეული მოვლენაა.
აქედან გამომდინარე განვიხილოთ რამდენიმე ვერსია:
✅ ეს არის მოთმინების ზღვარგადალახული ხალხის რეაქცია, რომელიც უკიდურესად დაიღალა. ომი უკვე თითქმის ოთხი წელია გრძელდება, გამარჯვება არ ჩანს, რეფორმები ჩიხშია. გაღრმავდა პრობლემები: უპრეცედენტო კორუფცია ჯარში (შეიარაღების შესყიდვებში სკანდალები), არასამართლიანი მობილიზაცია, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების არარსებობა. ამ ყველაფრის ფონზე ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვის მცდელობა გახდა ბოლო წვეთი: “ესეც თუ გაუვიდათ, ესე იგი საერთოდ აღარაფერი შეიცვლება”.
✅ ეს პროტესტი — დასავლური “კურატორების” მიერ მართული პროცესია, რომლის მიზანია – შეახსენონ ზელენსკის, რომ დასავლური დახმარება უპირობო და უსასრულო არაა. აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო ინსტიტუტები შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მეშვეობით ცდილობდნენ უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლის მოხდენას.
ზელენსკი სულ უფრო ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას დასავლეთის მისამართით (განსაკუთრებით NATO-ს სამიტისა და არჩევნების თემებზე) — ეს შეიძლება იყოს მისი დაშოშმინების მიზნით ერთგვარი სიგნალი. საყურადღებოა, რომ პროტესტები არ დაიშალა ძალადობრივად,
არცერთმა დასავლელმა დიპლომატმა არ გამოთქვა “შეშფოთებული აღშფოთება” და დასავლური მედია აქტიურად აშუქებდა მოვლენებს.
✅ გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთშიც არ არის ერთიანობა: აშშ-ს, ბრიტანეთს და ევროკავშირის ნაწილს განსხვავებული ინტერესები აქვთ. ერთი ფრთა შეიძლება პროტესტს იყენებდეს ზეწოლის ბერკეტად, მეორე ფრთის წინააღმდეგ.
✅ მზადდება პოლიტიკური ელიტის ჩანაცვლების სცენარი: სამხედრო ჩიხისა და ეკონომიკური კრახის ფონზე უკმაყოფილება იზრდება როგორც ხალხში, ისე ელიტებში. შესაძლოა მოქმედებაშია მოყვანილი “საკრალური მსხვერპლის” სცენარი — ზელენსკის გადაყენება, რათა შენარჩუნდეს პროევროპული კურსი, მაგრამ მოხდეს სისტემის გადატვირთვა ტექნიკური მთავრობის ან ვადამდელი არჩევნების გზით. ანტიკორუფციული თემატიკა — იდეალური „მორალური საბაბია“, განსაკუთრებით აქტიური და საშუალო ფენის მოსახლეობისთვის. ოპოზიციურმა ჯგუფებმა (მაგ. ავაკოვის, რაზუმკოვის ან პოროშენკოს გარემოცვამ) შეიძლება გამოიყენეს ეს თემა ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად.
✅ შესაძლოა საქმე გვაქვს კონტროლირებად აფეთქებასთან, რათა თავიდან აიცილონ უკონტროლო აფეთქება. ამ ვერსიის მიხედვით, შესაძლოა თვით პრეზიდენტის ოფისმაც კი დაუშვა ეს პროტესტი იმისთვის, რომ უკმაყოფილო და გადაღლილ ხალხს „ორთქლი გამოეშვა“ და ამით დასავლეთს აჩვენონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ აქტიურია, თანაც ამით გადაფარონ სხვა თემები (მაგ. სამხედრო წარუმატებლობა ან ეკონომიკური კრიზისი). ამით აიხსნება, რატომ არ მოხდა აქციების დარბევა და რატომ რეაგირებდა ხელისუფლება მხოლოდ „გაკვირვების“ რეჟიმით.
როგორ და რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი:
❌ მიღებული კანონის უკან გაწვევით და ვითარების დამშვიდებით. ყველაზე სავარაუდო სცენარი: ზელენსკი “უკან დაიხევს” დასავლეთის ზეწოლის ფონზე, პროტესტი ჩაცხრება, ორგანიზატორები კი წარმატებულ სამოქალაქო ბრძოლის მაგალითად წარმოჩინდებიან.
❌ მოხდება ზეწოლის გამძაფრება როგორც გარედან, ისე შიგნიდან: დასავლეთი გააგრძელებს ზელენსკის მხრიდან რეფორმების, არჩევნების ჩატარების და ანგარიშვალდებულების მოთხოვნას – შიდა ელიტაში გაძლიერდება წინააღმდეგობა პრეზიდენტის ოფისის მიმართ.
❌ ვითარების რადიკალიზაცია და „მაიდანი 3.0“-ს განვითარების ალბათობა ძალზე დაბალია.
თუ ხელისუფლება დაიწყებს რეპრესიებს და ფრონტი კიდევ უფრო დასუსტდება, პროტესტმა შესაძლოა კონტროლი დაკარგოს. თუმცა, ომის პირობებში და დასავლეთზე დამოკიდებულების ფონზე, ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური საბაბი ამ საპროტესტო აქციებისა იყო ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვა — რეალურად საქმე გვაქვს მოსახლეობაში ღრმა და დაგროვილ დაძაბულობასთან. ვარაუდი, რომ ანტიკორუფციული თემა მხოლოდ “ტრიგერია” — სრულად ლოგიკურია. ვინ იყო ამის სათავეში: დასავლეთი, ოპოზიცია თუ თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია — ეს პროტესტები სპონტანურად არ წარმოშობილა. დავაკვირდეთ პროტესტების მომდევნო განვითარებას, რომელიც შეიძლება ისეთივე მართული აღმოჩნდეს, როგორც მათი წამოწყება,”-წერს დავით ქართველიშვილი.