პოლიტიკა

„ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა“ – “საქართველოსთვის” შოვზე

პარტია “საქართველოსთვის” შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ენმ-ის ეს მოთხოვნა პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას არ შეუწყობს ხელს და დაეხმარება ოცნებას,  ჰიბრიდული საინფორმაციო  ომი აწარმოოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მათივე განცხადებით, თუ ენმ არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას, ოცნებასთან ერთად, თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დადგენის პროცესის ჩაშლაზე:

„ვეხმაურებით ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო ომს და დისკრედიტაციის კამპანიას, რომლის მიზანი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და რომელიც დასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავარი ღირებულება გახდა ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია შოვის ტრაგედიაზე დადგინდეს სიმართლე, ობიექტურად შეფასდეს სახელმწიფოს რეაგირება, გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და მომავალში თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები.  ამ მიზნით, ჯერ კიდევ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გაჟღერებამდე, დავიწყეთ საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით წინასაგამოძიებო პროცესი და ათეულობით კითხვით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს.რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, იმისათვის, რომ კომისიის გზით დადგინდეს სიმართლე, ეს თანაბრად უნდა იყოს ყველას ინტერესში, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავთ.

დღეს, კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა ადამიანური ტრაგედიიდან მორიგი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად იყენებს, ხოლო ოცნება – ნაციონალური მოძრაობის ამ მავნებლურ პოლიტიკას – სიმართლის, თავად კომისიის და დაზარალებულების დისკრედიტაციისთვის, რითაც ნებისმიერ, პირველ რიგში კი, მორალურ პასუხისმგებლობას არიდებს თავს.აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობამ კომისიის შექმნის საკითხი საპარლამენტო სხდომების დაწყებამდე ბევრად ადრე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნის გარეშე მაშინ დააყენა, როცა გარდაცვლილები არ იყვნენ დაკრძალულები და ყველა დაკარგული ჯერ კიდევ არ უპოვიათ.მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა, პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაყვანაა, რაც სიმართლის დადგენას კი არ მოემსახურება, არამედ დაეხმარება ოცნებას,  ჰიბრიდული საინფორმაციო  ომი აწარმოოს საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ, აბსურდული ნარატივით დაუპირისპირდეს ოპოზიციას და სტიქიით დაზარალებულ ადამიანებსაც კი, და საბოლოოდ მოიხსნას ნებისმიერი პასუხისმგებლობა.

საზოგადოებას დღეს აინტერესებს სიმართლე  და არა ნაცმოძრაობის და ოცნების მიერ დადგმული მორიგი პოლიტიკური ფარსი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანიც არის სიმართლის დადგენა და მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა ნორმალური ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაოდ ნათელი გახდება ხელისუფლების ბრალეულობაც და პასუხისმგებლობისგან დამალვის მცდელობაც, რაც შეიძლება ლოგიკურად გახდეს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შინაარსობრივი მსჯელობის ერთ-ერთი საფუძველი.ამავე დროს, თუ ნაცმოძრაობა არ შეწყვეტს მავნებლურ პოლიტიკას და მორიგჯერ მოევლინება მაშველ რგოლად ოცნებას, რის შედეგადაც ოცნება მოახერხებს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, ნაცმოძრაობა ოცნებასთან ერთად თანაბრად გაიზიარებს პასუხისმგებლობას შოვის ტრაგედიის ირგვლივ სიმართლის დადგენის და გაკვეთილის გამოტანის პროცესის ჩაშლაზე და ორივე ძალას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ადამიანების ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისთვის.” ნათქვამია გახარიას გუნდის განცხადებაში

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა