მოგზაურობა

ინტერვიუ აჭარელ მემთევრ ქალთან, გულიკო შანთაძესთან- „ეს საქმე ჩემი სამსახურია, ჩემი საქმე და მიყვარს ძალიან“

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურისა და ტრადიციების კუთხე აჭარა განსაკუთრებულ ყურადღებას ზაფხულის ცხელ დღეებში იქცევს.  ულამაზესი დაბურული ტყეები, მთები, მდინარეები, ტბები  მნახველის აღტაცებას იწვევს.

ზემო მთიან აჭარაში ზაფხულობით მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იალაღებზე გადაინაცვლებს, სადაც პირუტყვის მოვლა უფრო მოსახერხებელია ცხელ დღეებში. ამ პერიოდში მემთევრები ძირითადად, რძის ნაწარმით და მისი დამუშავებით არიან დაკავებულები.

გამორჩეულია მთაში მომზადებული კერძები. პროდუქტი, რომელიც იქ  ხელით მზადდება,  უამრავი სახეობისაა:  ყველი ( დაწნილი), ყურუთი, კაიმაღი, ნადუღი, ერბო. მსგავსი სახეობების კერძები ზემო მთიანი აჭარის ერთ-ერთ მთავარი სავიზიტო ბარათია.  მემთევრები  მთელ ზაფხულს მთაში ატარებენ მთაში პირუტყვის მოვლასა და პროდუქტების მომზადებაში.  მათ მიერ დამზადებული პროდუქტი ინახება სხვადასხვა ტიპის  არაფუჭებად ჭურჭელში და მთელი ზამთრის განმავლობაში გამოიყენება.

ჩვენი რესპონდენტი მემეთევრი ქალი, 72 წლის გულიკო შანთაძეა. 

– ქალბატონო გულიკო, რას ნიშნავს თქვენთვის მემთევრობა და რამდენი წელია დადიხართ ზაფხულობით მთაში ?

-მთაში ბავშვობიდან დავყავდი მშობლებს, მერე გავთხოვდი და თვითონ  დავიწყე მემთევრად სიარული.  20 წელზე მეტია,  მე და ჩემს მეუღლეს  მიგვყავს პირუტყვი მთაში. ამოვიყვანთ, ვაბინავებთ, სისხამ დილით ვუშვებთ საძოვარზე, აქ კარგი ბალახია, შეუწამლავი, მშრალი და რძესაც ხარისხიანს გვაძლევს საქონელი. დილით ვწველი ძროხებს, რძეს გავწურავ, ავადუღებ  და მერე ვიწყებ  სხვდასხვა პროდუქტის დამზადებას.  აუცილებლად  ვაკეთებ დაბწნილ ყველს,  მოვრეკავ  კარაქს,  რა ვიცი, ხან რაფერ ხან რაფერ.

– ვისგან ისწავლეთ პროდუქტების მომზადება?

 -დედამთილისაგან ფატყუმე ჯოყილაძესგან, კარგი ქალი იყო ჩემი დედამთილი, ყველაფერს მასწავლიდა და მეც ვუსმენდი, რომ შემესწავლა.

– შვილები გეხმარებიან?

-მემეთევრს რა დახმარება უნდა, ბაღნები ქალაქში არიან, სტუმრად მოდიან. აქ, მთაში მე და ჩემი ქმარი ვართ, ის მეხმარება. ღუმელს მინთებს, რძე უნდა მოდუღდეს, ცხელი წყალი სულ უნდა გქონდეს, ცხელი ღუმელი სულ უნდა ენთოს, ფეჩი. ქმარი რომ არ მყავდეს, ამდენ რამეს ვერ ვიზამ.

-გიყვართ ეს საქმე თუ, თავს ვალდებულად თვლით, მთაში  წამოხვიდეთ , სადაც ასეთი შრომა გიწევთ ?

-კი მიყვარს , შვილები მეუბნებიან ხუთი ძროხა აღარ გინდაო, მარა, სანამ ცოცხალი ვარ, ეს საქმე – საქონლის მოვლა , რძის გადამუშავება არის ჩემი სამსახური, მე აბა უმაღლესი არ დამიმთავრებია – ეს არის  ჩემი საქმე და მიყვარს ძალიან. თქვენ ხომ გაქვთ სამსახური, ეს კი, ჩემი საქმეა, ჩემი სამსახური ესაა. აბა არ მიყვარს?

– როდის ბრუნდებით ბარში?

-ბარში ვბრუნდები 10 სექტემბერს ერთი ღამით, მეორე დღესვე ვდგებით და მივდივართ „ყიშლაში“ სოფელთან ახლოს მთაში, იქ სხვა სახლი გვაქვს, ყიშლაში თოვლის მოსვლამდე  დავრჩებით. იქაც  საქონელს ვაბალახებთ, უფრო კაცები აბალახებენ, მე ისევ ვამზადებ პროდუქტებს, ყველს, ნაღებს, ყურუთს.  შემოდგომაზე მოცვი მოდის ყიშლაში და ვკრეფ მოცვს, ვამზადებ მოცვის ჩაის. ვაკეთებ ხილისგან ჩირს. ყიშლაც ძალიან მიყვარს. 

-ზამთარს ბარში  როგორ ატარებთ.

-ჩვენთან ზამთარში დიდი თოვლი მოდის, საქონელი გარეთ ვეღარ გადის, ნაწველსაც ცოტას გვაძლევს, უფრო საჭმელს ვუყრით და ვასუფთავებთ, ნაწველი ამ რაოდენობის აღარ გვაქვს. მემთევრობას ვასრულებ და რძალს გადავაბარებ სქონელს. მერე წავალ ბათუმში შვილებთან, იქ შვილიშვილის შვილი მყავს და მოვეფერები, მერე გათხოვილ გოგოებთან მოვივლი და ზამთარში ჩემს შვილებთან ვარ, ვისვენებ ზაფხულის მოსვლამდე.

-რას გეუბნებიან შვილები, მოწონთ ყველი და ნაღები დედის ხელით დამზადებული?

-შვილებს უყვართ ნაწველი, მარტო შვილები არ მეუბნებიან, მთაში რომ ხარ მემთევრი, ყველას ვისაც საქონელი არ ჰყავს უნდა მიართვა, პატივი სცე, შენი მომზადებული უნდა დააგემოვნებიო. მიხარია,  რომ შემიქებენ და უფრო ხალისი მეძლევა. აუცილებლად მოვუკითხავ შვილების გარდა სხვებსაც, ნათესავებს, ახლობლებს, ვისაც ძროხები არ ჰყავს და სახლის რძის ნაწარმი  არა აქვს.

-რაზე ოცნებობთ, რა არის თქვენი სურვილი?

-მე რა უნდა ვისურვო,-  მშვიდობა, სიხარული ჰქონდეთ ახალგაზრდებს. სოფელს ნუ მიატოვებენ, სოფელში რომ მოდის, ისეთი კარგი მოსავალი ბაზარში არ იყიდება 

-რამეს ხომ არ  დაამატებდით, რისი თქმაც გინდათ? 

-მე იმას  გეტყოდით, რომ სულ მიხარია სტუმარი და მინდა ხშირად მოვიდნენ ადამიანები ჩვენთან. მე ხომ ვარ 72 წლის ქალი, როცა სტუმარს მივიღებ, საჭმლით გავუმასპინძლდები, მხოლოდ ის დღეა ჩემთვის კარგი დღე. უსტუმრო ოჯახი ჩვენთან კარგ ოჯახად არ ითვლება, მიხარია, რომ დამაფასეთ და მესტუმრეთ. მინდა, სხვა დროსაც მოხვიდეთ. მშვიდობა მოგცათ ღმერთმა. მე ჩემებურად მოგემსახურებით და გულნაკლულს არ დაგტოვებთ. მადლობა, ჩემით რომ დაინტერესდით. 

თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,539 ნახვა