საზოგადოება

ქეთევან დეკანაძე – მადლიერი ვარ იმ გზით, რაც აქამდე გავიარე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო სოფელში დაბრუნება  

ერთ ადგილზე არ ვჩერდები, სულ ვეძებ და ვსწავლობ, ჩემი ბედნიერების საიდუმლო  მხოლოდ პირადი არაა და იგი მთელს ჩემს სანაცნობოს, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს დედას და რა თქმა უნდა, ჩემს ულამაზეს კუთხეს -აჭარას, ხულოს ეკუთვნის,-ამის შესახებ  ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ახალგაზრდა პედაგოგი ქეთევან დეკანაძე გვესაუბრება.

 უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მუშაობა სკოლაში დაიწყო.  

 -სამწუხაროდ, დღეს სოფლები დაცარიელებულია, არათუ ახალგაზრდები,  მთლიანად ოჯახები ტოვებენ სოფელში საცხოვრებელს. ცხადია, ეს უკავშირდება ეკონომიკურ პრობლემას, დასაქმება ძალიან რთულია, განვითარების პერსპექტივა – ნაკლები, ამიტომ ახალგაზრდები სოფელს აღარ უბრუნდებიან, რაც  ძალიან ცუდია. ქალაქი არ არსებობს სოფლის გარეშე და პირიქით. უნდა მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ,-ამბობს ქეთევანი ჩვენთან საუბარში.

–  ამბობთ, რომ თქვენი ბედნიერების მიზეზი ძალიან მასშტაბურია და მთავარი თქვენი ოჯახია. მოგვიყევით მშობლებზე.

პედაგოგის ოჯახში დავიბადე. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შვილებს კარგი განათლება მიგვეღო . ძალიან თბილი, მოსიყვარულე ოჯახი მყავს..  სახლში მუდმივად გვესმოდა, რომ უნდა გვესწავლა  და სხვა არც არაფერზე მიფიქრია. ცხადია ოჯახის ასეთმა ყურადღებამ და ხელშეწყობამ მოგვცა საშუალება შვილებს, გვესწავლა. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ჩემი ოჯახის, რომ დღემდე ჩემს გვერდით არიან. ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი მათი დამსახურებაა. 

 -ამ ახალგარდა ასაკში თქვენთვის მნიშვნელოვან მიღწევად რას თვლით, და ზოგადად, რა არის მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. ​-რთულია ასე რამე კონკრეტული გამოვყო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო მასწავლებლად მუშაობის დაწყებაც და მუზეუმელობაც.  უსაზღვრო სიხარული იყო  ბსუ-ს დოქტორანტობა, თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი  ჩემთვის უდიდესი მიღწევაა, რადგან ნამდვილად დიდი შრომის გაწევა მიხდება. 

 რაც შეეხება მეორე კითხვას.. ფულიც, თანამდებობაც, ქონებაც ყველაფერი ცხოვრებაში დროებითია, რჩება ურთიერთობები. შეიძლება ახლა ეს სიტყვები, ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ასე ვფიქრობ. ამიტომ ჩემთვის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს მართალი და უბრალო ადამიანები.  ჩემი ცხოვრების უდიდეს მიღწევად სწორედ ურთიერთობებს მივიჩნევ. ნამდვილად მყავს ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებიც მგულშემატკივრობენ, სიყვარულს მინაწილებენ, მამხნევებენ, მე ისინი მეიმედებიან, ვამაყობ მათით და მადლობა მათ რომ არიან ჩემს ცხოვრებაში.

-რა რჩევებს აძლევ შენს მოსწავლეებს?

-მე მათ ვურჩევ, გაუფრთხილდნენ დროს და გამოიყენონ სწორად. ბევრი რამ შეიძლება გამოასწორო, შეცვალო, მაგრამ დროს უკან ვერ დააბრუნებ. ამიტომ გამოიყენეთ დრო სწორად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.! ამას თითქმის ყველა გაკვეთილზე ვურჩევ ჩემს მოსწავლეებს.

– არის რაიმე ისეთი, რასაც ქალაქში რომ გეცხოვრათ მიიღებდით და სოფელში ცხოვრებამ ეს ვერ მოგცათ?

-მე კმაყოფილი, მადლიერი და ამაყი ვარ იმ გზით, რაც გავიარე აქამდე.  ვფიქრობ,  სწორი იყო ის გზა, რაც ავირჩიე. სოფელში დაბრუნებას ვგულისხმობ.  სოფელში დაბრუნებულმა უდიდესი გამოცდილება მივიღე, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ისე ურთიერთობების მხრივ. სამსახურში ძალიან ძვირფასი ადამიანები შევიძინე, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ სითბოსთვის​ და სიყვარულისთვის რაც ახალგაზრდა პედაგოგისთვის, დამწყები მასწავლებლისთვის გაიღეს. 

მე, რა თქმა უნდა, საოცრად მადლიერი ვარ  ჩემი რაიონის, ჩემი სკოლის – სოფელ განახლების საჯარო სკოლის,  ჩემი სოფლის – სოფელ დეკანაშვილების,  ყოველდღიური  ურთიერთობებისათვის რაც მათთან დღემდე  მაკავშირებს.

– რა არის თქვენი მიზნები, გეგმები რაზეც საუბარი გსურთ?

-ბევრი მიზანია და ამ მიზნამდე მისასვლელი გეგმები მაქვს. ზოგადად, ვთვლი, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა გაგაჩნდეს მიზანი და მჯერა იმისიც, რომ თუ იშრომებ ყველაფერი გამოვა.
ჩემი მთავარი მიზანი არის ვიყო წარმატებული ადამიანი იმ სფეროში, სადაც ვსაქმიანობ და ჩემი წილი აგური დავდო ქვეყნის შენების საქმეში. ვფიქრობ, ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს დედამიწაზე,  ეს მისია კი მინდა კარგად შევასრულო. მინდა ცხოვრებისაგან მაქსიმუმი მივიღო. დავრჩე „ადამიანად“. ეს უპირველესი ამოცანაა ჩემი. 

– დღეს ძალზედ აქტუალურია ქალებზე ძალადობის თემა, რაც ადრე თითქოს, ტაბუდადებული იყო. როგორ ფიქრობ, რატომ ხდებიან ძირითადად ქალები  ძალადობის მსხვერპლნი?

-ვფიქრობ, ქალებმა დიდი დრო უნდა დაუთმონ საკუთარ მიზნებს, ოცნებებს. როცა ქალი არის დამოუკიდებელი და წარმატებული, როცა იცის მისი უფლებები, თავის დაცვაც შეუძლია. ვურჩევდი მათ, რომ არაფრის გამო არ თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე. არასოდეს დახუჭონ თვალი ძალადობასა და ბულინგზე, ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში მიმართონ შესაბამისს უწყებებს.  ვფიქრობ, დღეს, როცა სხვადასხვა ორგანიზაციები ასე მკაფიოდ უჭერენ მხარს  ქალთა უფლებებს,  ყველანაირად  იცავენ ძალადობისაგან,  ქალი არ უნდა იჩაგრავდეს საკუთარ თავს და არ უნდა გაჩუმდეს.

და ბოლოს, ქეთევან ხომ არ გსურს კიდევ რამე გვითხრა?

-კი, რა თქმა უნდა მინდა ბევრი რამის თქმა. ბევრჯერ გავმეორდე, ბევრჯერ სიხარულით და დიდი სიყვარულით მოვუწოდო ყველას, ვინც ახლა ამ წუთებში ჩვენს ინტერვიუს კითხულობს. ( იღიმება) : გაიღიმეთ და გახადეთ თქვენი ცხოვრება ისეთი საინტერესო, სასიამოვნო და კომფორტული, როგორიც გინდათ, რომ იყოს. თუ მოინდომებთ აუცილებლად შეძლებთ.

ბოლოს კი, მადლობით მინდა დავასრულო, მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემით, მადლობა საინტერესო შეკითხვებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!.

თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა