უცხოური მედია

ესტონეთის პრემიერი, რომელიც რუსებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის შეწყვეტას ითხოვდა, აცხადებს, რომ მისი ქმრის რუსეთში ბიზნესსაქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა

ესტონეთის ეროვნული სამაუწყებლო კომპანიის (ERR ) ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის ქმარი არვი ჰალიკა რუსეთისთვის ტვირთების მიწოდებით შოულობს ფულს.

მედიის ცნობით, არვი ჰალიკა ფლობს წილს სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ში, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, ხოლო კაია კალასი ფინანსურ დახმარებას უწევდა ქმრის ფირმას.

ხუთშაბათს ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა პრემიერ-მინისტრისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. “ამის თქმა ცოტა სამწუხაროა, რადგან ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, მაგრამ საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან სიტუაციაში გარკვევას ელოდება”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კაია კალასი ERR-ის ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მას სახელმწიფო თანამდებობა უკავია, არ აქვს ბიზნესი კომპანია Stark Logistics-ში და რომ ყველა შეკითხვით თავად კომპანიას უნდა მიმართონ.

მისივე თქმით, თავისი მეუღლისა და მისი ბიზნესპარტნიორის რუსეთში საქმიანობის შესახებ ორშაბათს შეიტყო და მას დასამალი არაფერი აქვს. კალასის თქმით, ეთიკური შეხედულებების საფუძველზე, კომპანია Stark Logistics-ი რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს.

„ეს საკითხი ეხება ჩემი ქმრის ბიზნესპარტნიორის საქმიანობას, მე არ მაქვს კონტაქტი ჩემი მეუღლის ბიზნესპარტნიორთან და არც დეტალური ინფორმაცია მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ“, – განაცხადა კაია კალასმა

  • რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ესტონეთი გახდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ქვეყნის ხელისუფლება უკრაინელებს როგორც ფინანსურად, ასევე იარაღის მიწოდებით ეხმარება, ხოლო ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რუსებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის შეწყვეტა მოითხოვა.
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა