საზოგადოება

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და, შესაბამისად, თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა.

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია არამარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ. ამის არ შესრულების რაიმე წინაპირობად ვერ განვიხილავთ ვიზიტის ხასიათს. მთავრობის სპეციალური დადგენილებით არის განსაზღვრული დაცვის მინიმალური სტანდარტები. ზუსტად ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ვახორციელებთ ყოველთვის ყველა დასაცავი პირის დაცვით უზრუნველყოფას“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,154 ნახვა