პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე- რევოლუციონერების დასავლელი მფარველებისათვის უკრაინის რევოლუციური ხელისუფლება მაინც “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენს, ამიტომ თურმე უკრაინა საქართველოზე მეტად იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას

„ვისთვისაც მთავარი არა საკუთარი ხალხის, არამედ ბრიუსელის და ვაშინგტონის (ახალი კრემლის) შეფასებაა, ისინი ქართულ მაიდანზე ოცნებობენ, ხოლო ისინი, ვისაც „ეს კინო ნანახი აქვს“ და აქედან ადეკვატური დასკვნები გამოიტანეს, ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქართული მაიდანი, ანუ იბრძოლონ ანტიმაიდანისთვის“,- ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, ანტიმაიდანი რეალურად დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მიმართული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მონაწილენი ებრძვიან ყველა უკანონო მეთოდის გამოყენების გზას, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის და სახელმწიფოს დასუსტებისთვის მებრძოლ ავანტიურისტებს, რომლებიც მხოლოდ ემოციებით მოქმედ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობენ საკუთარი ავი ზრახვების რეალიზებას.

„მაიდანი და ანტიმაიდანი 2013 წლის 21 ნოემვერს უკრაინაში დაიწყო მაიდნის საპროტესტო გამოსვლები,რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 2014 წლის 23 თებერვალს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა. ამ სამი თვის განმავლობაში, ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებისას 100-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. შემდგომში ამ მოვლენას “ევრომაიდანი” და “ღირსების რევოლუცია”უწოდეს, ხოლო დაღუპულებს “ზეციური ასეული”.

მიუხედავად იმისა თუ რას დაარქმევენ და როგორი ლამაზი სიტყვებით შეფუთავენ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოვლენას, ეს იყო ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა, როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აგრესიულად მიმდინარეობდა ტვინების მასობრივი გამორეცხვა, თითქოს ეს ყველაფერი მოხდა სამართლიანობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგებით, ხოლო ძალაუფლება ხელში აიღეს ადამიანებმა, რომლებიც ემსახურებოდნენ რევოლუციის იდეალებს და ყველას არწმუნებდნენ, რომ სწორედ რევოლუციურმა ხელისუფლებამ მიაღწია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ყველაზე დიდ წარმატებას. აშშ და მთლიანად დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს მაიდნის ბრძოლას და ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ძირითად მასას ჩაუნერგეს, რომ “ევრომაიდანით” სიკეთემ გაიმარჯვა სიბოროტეზე, სინათლემ სიბნელეზე და დემოკრატიამ დიქტატურაზე. სინამდვილეში 10 წლის თავზე უფრო კარგად ვხედავთ, თუ რა შედეგები მოიტანა “მაიდანმა” უკრაინისთვის. რუსეთის მხრიდან დაწყებული აგრესიის შედეგად დღეისათვის უკრაინას დაახლოებით 600 ათასი კვ.კმ. ტერიტორიიდან დაკარგული აქვს დაახლოებით 20% (100 ათასი კვ.კმ.) ომში უკვე დაღუპულია დაახლოებით ნახევარი მილიონი უკრაინელი, 10 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად არის ქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილია, დემოკრატია, ადამიანის უფლებათა დაცვა და სამართლიანობა ლამაზ, მაგრამ უშინაარსო სიტყვებად იქცა.

დღეისათვის უკრაინაში პრაქტიკულად აკრძალულია ყველა ოპოზიციური პარტია, გაუქმებულია ყველა ოპოზიციური ტელევიზია, თავისუფალი სიტყვისთვის ადამიანებს ციხეში ამწესებენ, სადაც მათ სასტიკად ეპყრობიან ან სიცოცხლეს ასალმებენ. ამ ყველაფრის მიუხედავად რევოლუციონერების დასავლელი მფარველებისათვის უკრაინის რევოლუციური ხელისუფლება მაინც “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენს, რომელიც თურმე დღეისათვის საქართველოზე “წინ” ყოფილა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონების დაცვის თვალსაზრისით და ამიტომ თურმე უკრაინა საქართველოზე მეტად იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას. ვინც ასე ფიქრობს, ვისთვისაც მთავარი, არა საკუთარი ხალხის, არამედ ბრიუსელის და ვაშინგტონის (ახალი კრემლის) შეფასებაა, ისინი ქართულ მაიდანზე ოცნებობენ, ხოლო ისინი, ვისაც “ეს კინო ნანახი აქვს” და აქედან ადექვატური დასკვნები გამოიტანეს, ყველანაირად ცდილობენ არ დაუშვან ქართული მაიდანი, ანუ იბრძოლონ ანტიმაიდანისთვის. ანტიმაიდანი-ეს არის უარი ძალადობაზე, დემოკრატიის შეზღუდვაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, პატიმრების წამებაზე, სახელმწიფო რეკეტთან შეგუებაზე და სხვა მრავალ უკეთურებაზე, რომელიც მოაქვს ლამაზი სიტყვებით (ე.წ “ვარდების”, “ღირსების”, “ტიტების” და ა.შ.) შეფუთულ, შეფასებულ ფსევდო დემოკრატიულ, ხოლო შინაარსით ანტიდემოკრატიულ სახელმწიფო გადატრიალებებს. ასე რომ ანტიმაიდანი რეალურად დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მიმართული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მონაწილენი ებრძვიან ყველა უკანონო მეთოდის გამოყენების გზას, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის და სახელმწიფოს დასუსტებისთვის მებრძოლ ავანტიურისტებს, რომლებიც მხოლოდ ემოციებით მოქმედ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობენ საკუთარი ავი ზრახვების რეალიზებას“-წერს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,154 ნახვა