GD Banner
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით „ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგრესი და უკუსვლა განიცადა – 2012 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რაც გვქონია

წინ გვიდევს ბოლო 8-თვიანი ისტორია, როდესაც პარტიაში ცვლილებები მოხდა. ყველა კარგად ვხედავთ, რომ შეფასება სტაგნაციაც კი აღარ შეგვიძლია მივცეთ იმას, რაც მოხდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით პარტიამ განიცადა რეგრესი და უკუსვლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

წიკლაურის განცხადებით, თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა მენეჯმენტმა დიქტატურის დამყარება გადაწყვიტა და პარტიიდან იმ ადამიანების დისტანცირება გადაწყვიტა, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. მისი თქმით, ტყუილი აღმოჩნდა დაპირება იმის შესახებაც, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად უწყვეტი აქციები და პროტესტი იქნებოდა.

„2012 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, რაც გვქონია. სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოხატავს “ნაციონალური მოძრაობა” იმ ინტერესებს, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს, კერძოდ, რომ ანტიევროპული ხელისუფლება შეცვალოს და დემოკრატიულ ცვლილებებს მისცეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ამიტომ არის ძალიან მძიმე ვითარება. ყველას კარგად გვახსოვს დაპირებები, რომ იქნებოდა უწყვეტი აქციები, უწყვეტი პროტესტი, რომ ციხეში მჯდომი პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდებოდა და მოხდებოდა გარდაქმნა სხვადასხვა მიმართულებით. პრაქტიკულად, ეს ყველაფერი ტყუილი და ფუჭი აღმოჩნდა.

არჩევნები ყველა პარტიაში ხდება და ვინც არჩევნებში მარცხდება, ის არასდროს არის კმაყოფილი – ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ძალაში, თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, გაუგონარი რამ მოხდა, როდესაც ახალმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, პოლიტიკური საბჭო გაეუქმებინა და პრაქტიკულად, ერთმმართველი დიქტატურა დაემყარებინა. პარტიიდან გაუშვეს ან პოლიტიკური საბჭოდან დაითხოვეს ისეთი ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ იქ და სრულიად გაუგებარი ცვლილებები მოახდინეს. საილუსტრაციოდ გეტყვით ერთ მაგალითს: ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო დავით ბერიტაშვილი, რომელიც არის ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი. ის ადრე იყო მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტი, მისი მტკიცებულებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო, რითაც ჰააგაში ჩვენ მოვიპოვეთ წარმატება შარშანდელი სასამართლო პროცესის დროს. ამ ადამიანს უთხრეს, რომ მისი ადგილი პოლიტიკურ საბჭოში აღარ არის, ასევე, ძალიან ბევრს, ვინც გამოხატავდა თავისუფალ აზრს, ვისაც ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები – პრობლემა არის ეს და არა ის, რომ არჩევნები ჩატარდა და მასში ვინმემ გაიმარჯვა.

ამასთან ერთად, არსებობს მეორე ძალიან მძიმე პრობლემა, დაპირებების შეუსრულებლობა ყველა მიმართულებით – იქნებოდა ეს ახალი ადამიანების მოზიდვა, ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა თუ იმ დაპირებების შესრულება, რაც შეეხებოდა პერმანენტულ, უწყვეტ გამოსვლებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. დაპირებები, მიტომ ვერ სრულდება, რომ პარტიის დღევანდელმა მმართველმა გუნდმა, თავიდანვე გადაწყვიტა, სხვაგვარად მოაზროვნეების დისტანცირება მომხდარიყო პარტიიდან.” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,444 ნახვა