GD Banner
Uncategorized

DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 6 კლინიკა ჩაიხსნა, ათეულობით სამედიცინო დაწესებულებას კი გარკვეული სამედიცინო სერვისების მიწოდების უფლება შეეზღუდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, კლინიკაში გამოვლენილი დარღვევების გამო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6-მდე კლინიკა ჩაეხსნა, ხოლო ათეულობით სამედიცინო დაწესებულებას გარკვეული სამედიცინო სერვისების მიწოდების უფლება დროებით შეეზღუდა.

როგორც ღუდუშაურმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კლინიკების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

“DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, კერძოდ, გასული 10 თვის განმავლობაში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული. მონიტორინგის შედეგად, სულ რამდენიმე, თუ არ ვცდები, 5-6 კლინიკა სრულად ჩაეხსნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

ასევე, გარკვეული დარღვევების საფუძველზე, კონკრეტული სერვისები საკმაოდ ბევრ კლინიკაში შეჩერდა, მთლიანობაში არ გაჩერებულა საქმიანობა, მაგრამ გამოვლენილი დარღვევების გამო, გარკვეული სერვისების მიწოდება შეიზღუდა მანამ, სანამ რეგულირების სააგენტო არ დაასრულებდა მოკვლევას და სარისკო შემთხვევების შესახებ საბოლოო დასკვნას არ დადებდა.

შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე კლინიკა, რომელსაც სერვისების მიწოდება შეეზღუდა, უკვე შემოწმებულია, თითქმის ყველა შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდა და შემდეგ მიეცათ საშუალება გაეგრძელებინათ სერვისის მიწოდება. მონიტორინგის პროცესი განგრძობადია, ელექტრონული სისტემა გვაქვს, რომლის მეშვეობითაც სარისკო შემთხვევას ავტომატურ რეჟიმში გვატყობინეს სისტემა. როდესაც სარისკო შემთხვევა ფიქსირდება, პირდაპირ ეცნობება კლინიკას, რომ რეგულირება შედის შესამოწმებლად. სწრაფად ვახორციელებთ შემოწმებას. იმ კლინიკებში, სადაც დარღვევის სახე მასშტაბური იყო, ან პაციენტის უსაფრთხოებას ექმნებოდა საქმე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთლიანად შეგვეჩერებინა კლინიკების ფუნქციონირება, საბედნიეროდ ასეთი ბევრი კლინიკა არ არის”,- აღნიშნა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება კლინიკებში გამოვლენის დარღვევებს, როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, იყო შემთხვევა, როდესაც კლინიკები პაციენტებს დამატებით ნებადართულ ტარიფზე მეტ თანხას სთხოვდნენ, ან პაციენტს მიუთითებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვიდან გამოსულიყო, რათა შემდეგ უფრო მაღალი თანხა გადაეხადა.

„დარღვევები, რაზეც ძირითადად რეაგირებას ვაკეთებდით არის ის, რომ კლინიკები პაციენტებს დამატებით ნებადართულ თანხაზე და ტარიფზე მეტ თანხას სთხოვდნენ, ან იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტები შეცდომაში შეჰყავდათ, მიუთითებდნენ რომ საყოველთაო ჯანდაცვა უხარისხო სერვის აწვდიდა და სთხოვდნენ პაციენტს საყოველთაო ჯანდაცვიდან გამოსულიყო, იმ მიზნით, რომ შემდეგ უფრო მაღალი ტარიფი გადაეხადა.

იყო შემთხვევა, როდესაც პაციენტების მკურნალობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობას დამძიმებულს ადებდნენ იმისთვის, რომ უფრო მაღალი ტარიფი მიეღოთ საყოველთაო ჯანდაცვიდან. “დიარჯისთან” დაკავშირებული ძირითადი დარღვევები ამ სამ კომპონენტს მოიცავდა. სამივე შემთხვევაზე საკმაოდ სწრაფი რეაგირება გვაქვს. „დიარჯის“ დანერგვის შემდეგ, პირველ ეტაპზე რა რაოდენობის დარღვევებიც ფიქსირდებოდა, იმასთან შედარებით, ამ ეტაპზე სიტუაცია გამოსწორებულია, ნაკლები შემთხვევა მოდის, კლინიკებმა გაიაზრეს როგორ მუშაობს ეს სისტემა. მეორე მხრივ, რეგულირებამ აიძულა კლინიკები, რომ მეტად მობილიზებულები იყვნენ, ნაკლები დარღვევები დაფიქსირდეს“,- აღნიშნა ღუდუშაურმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,336 ნახვა