პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მისი პატრონების გათვლა არის არა არჩევნებზე, არამედ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები არჩევნების შემდეგ. სწორედ ამის გამო ხდება ხელოვნურად სპექტრის დანაწევრება

„რასაც ვუყურებ, საბოლოო ჯამში, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მისი პატრონების გათვლა არის არა არჩევნებზე და მის შედეგებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები არჩევნების შემდეგ“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მგონი მათ წინასწარ აქვთ გადაწყვეტილი, კიდევ მორიგ ჯერზე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აქაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და თავიდან დაიწყება ის პროცესი, რომლის საფუძველზეც სცადეს რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ., ამ ყველაფრიდან ეს ჩანს, სწორედ ამის გამო ხდება ხელოვნურად სპექტრის დანაწევრება, რომ ისინი მოემზადონ არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის“-აღნიშნა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განმარტა, აღმოჩნდება ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით მოხვდება პარლამენტში, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს.

„რაც უფრო მეტად იქნება დანაწევრებული რადიკალური ოპოზიცია, მით დაბალი იქნება მათი შედეგი. ასეთ პირობებში შეიძლება კიდევ უფრო ადვილი იყოს მათთვის რევოლუციური პროცესების განვითარება, თუმცა, ვერავითარ შედეგს მიაღწევენ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს უკვე სათანადო გამოცდილება. გამორიცხულია ასეთი პროცესების განვითარების პირობებში კიდევ ერთხელ შევიდეთ რაიმე ტიპის მოლაპარაკებებში, კიდევ ერთხელ გავიდეთ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოვაწეროთ 19 აპრილის მაგვარ შეთანხმებას. ეს არის არასწორი გათვლა. რეალურად აღმოჩნდება ისე, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან შეზღუდული რაოდენობით მოხვდება პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს შემოვლენ თუ არა, და საბოლოო ჯამში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის საბოლოოდ განეიტრალებისკენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს“-განაცხადა კობახიძემ.

ასევე კითხვაზე, რა ძალას წარმოადგენს დღეს ნიკა გვარამია ოპოზიციის ფლანგზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „თუ შეიქმნება ბევრი ნაციონალური პარტია, ეს დაშლის ოპოზიციის ხმებს, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მანდატების სწორად გადანაწილებას საქართველოს პარლამენტში“.

„რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მისი პარტიაც იქნება მორიგი 1-2 პროცენტიანი პარტია და რა თქმა უნდა, ისიც ხმებს წაართმევს „ნაციონალურ მოძრაობას“. აქედან გამომდინარე, ძალიან სწორი მიმართულებით მიდის პროცესები. თუ შეიქმნება ბევრი ნაციონალური პარტია, ასეთი 1-2 პროცენტიანი, ეს დაშლის ოპოზიციის ხმებს და ეს არის სწორი, ძალიან კარგი პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მანდატების სწორად გადანაწილებას საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,169 ნახვა