Uncategorized

სოზარ სუბარი: საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ს ახალი ელჩი და იმედს გამოვთქვამ, რომ შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოში ამ რევოლუციური სცენარების განვითარების მიმართ

„2020 წლის არჩევნებში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა”, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა აშშ-ს ფულით, USAID-ის ფულით გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები, ამის შესახებ ძალიან მალე იცოდა აშშ-ს საელჩომ, USAID-ის ხელმძღვანელობამ და ისინი ამაზე არაფერს ამბობდნენ თითქმის ერთი თვის განმავლობაში“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

სუბარი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლა შეცვლის დამოკიდებულებას ორ ქვეყანას შორის.

„საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ს ახალი ელჩი და იმედს გამოვთქვამ, რომ შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოში ამ რევოლუციური სცენარების განვითარების მიმართ. ელჩი ამ კონტექსტში ვახსენე იმიტომ, რომ როდესაც 2020 წლის არჩევნებში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” (რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა აშშ-ს ფულით), USAID-ის ფულით გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები, ამის შესახებ ძალიან მალე იცოდა აშშ-ს საელჩომ, USAID-ის ხელმძღვანელობამ და ისინი ამაზე არაფერს ამბობდნენ თითქმის ერთი თვის განმავლობაში.

ეს ნიშნავდა, რომ ეს იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის და შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რაც არ მოხდა. როდესაც ჩვენ ვნახეთ KANVAS-ის ტრენინგებზე, როგორ იგეგმებოდა სისხლიანი გადატრიალება, რევოლუცია, პოლიციელებზე თავდასხმები და ა.შ. ჩვენ ვნახეთ აშშ-ს საელჩოს მაშინდელი განცხადება, რომ ისინი ამას მხარს უჭერდნენ და დაუჭერდნენ მომავალში.

სწორედ ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა იმიტომ, რომ ეს პროექტი იყო რევოლუციაზე. წესით USAID-ის წარმომადგენელი ტრენინგებს ესწრება ხოლმე და რომც არ ესწრებოდეს, ტელევიზიებში გაშუქდა ეს ინფორმაცია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სუს-მა ეს ინფორმაცია მიიღო და არ მიაწოდა დონორს და დამფინანსებელს, ამ შემთხვევაში USAID-ს და აშშ-ს საელჩოს (ორივე ამერიკის სახელმწიფოს წარმოადგენს). მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა. ამ ფონზე, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე ტრენინგები იმაზე ჩატარდა, მოხუცებულებს და ბავშვებს როგორ დავეხმაროთ, რა თქმა უნდა, ეს არადამაჯერებელია.

თუმცა, ისევ და ისევ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება და მსგავსი რამ აღარ დაფინანსდება. სხვათა შორის, მენიშნა ერთი მომენტი – ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებს რომ ათავისუფლებენ და მათ ნაცვლად თანხას იხდის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, მის დამფინანსებლებს შორის იყო მოხსენიებული USAID-ი, მაგრამ რატომღაც, მათი ვებგვერდიდან გააქრეს USAID-ის სახელი.

ესეც შეიძლება ჩავთვალოთ იმედად, რომ გადატვირთვა ხდება ჩვენს ურთიერთობებში. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გადატვირთვა. თუმცა, მე ცოტა ღრმად შევალ ამ თემაში იმიტომ, რომ კარგად გვახსოვს, აგენტების კანონთან დაკავშირებით რა ხმაურიც იყო. აი თუნდაც ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რატომ უნდოდათ ამ კანონის არმიღება და რატომ ჩაერთო ამ ბრძოლაში USAID-იც, აშშ-ს საელჩოც და არა მარტო საელჩო. რატომ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რომ უკრაინის ომთან შედარებით უფრო მეტს საუბრობდა აბსოლუტურად უწყინარ კანონზე, რომელიც იყო ამერიკული კანონის გადმოტანა ქართულ სივრცეში.

ახლა გასაგებია – იმიტომ, რომ არ უნდათ გამჟღავნდეს მსგავსი თემები. ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტშიც კარგად გამოჩნდა ის, რასაც კონკრეტულად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ საზოგადოებას რატომ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, დონორებმა კარგად იციან, რას ვაკეთებთო. სწორედ ამიტომ იყო საჭირო იმ კანონის მიღება და როგორც დღეს აღმოჩნდა, სლოვაკეთი იღებს ამ კანონს“, – განაცხადა სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,911,629 ნახვა