GD Banner
საზოგადოება

ყიფშიძის ქუჩის მცხოვრები: ჩვენთან, ჟიული შარტავას სახელობის ულამაზესი სკვერიდან ძაღლებმა ადამიანები განდევნეს, ყარს იქურობა! გაჩერებას აღარ ვაპირებ

ქალაქში, ძაღლების საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანისთვის გაზრდილი ჯარიმების (150-დან 500 ლარამდე) მიუხედავად, თბილისში ამ პრობლემის გადაჭრა ჯერჯერობით არ მოხერხდა. ვაკის, დიდი დიღმის და რამდენიმე სხვა უბნის მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს პროტესტს აგრესიული ძაღლების გამო შექმნილი დისკომფორტისა თუ თავდასხმების გამო.  

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ნინო ციმაკურიძე-ლენეტემ სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გაავრცელა იმ უპასუხისმგებლო მოქალაქეების ფოტოები, რომლებიც აგრესიულ ძაღლებს საბელის და ალიკაპის გარეშე ასეირნებენ, ამასთან, აბინძურებენ სადარბაზოებს და ყიფშიძეზე არსებულ სკვერებს, სადაც მოსახლეობას ადრე ბავშვები დაყავდა, ახლა კი, მხოლოდ ძაღლების და მათი პატრონების სასეირნო გახდა. 

„თურქეთის საელჩოდან რომ ჩამოდიხართ ყიფშიძის ქუჩაზე, არის უზარმაზარი სკვერი, ჟიული შარტავას სახელობის. ვერის ხეობიდან ამოდის არაჩვეულებრივი ჰაერი, სიგრილე. მაგრამ იქ ადამიანების ადგილი აღარ არის, ყარს იქაურობა, ძაღლების პრიტონი გახადეს. ქუჩის ძაღლები არ გვეყოფა შეკედლებული? რატომ უნდა ვიარო ვაკის პარკში, როდესაც ასეთი სკვერი გვაქვს. ჩემი მეუღლე ინგლისელია, აქ რასაც ხედავს, გაოცებულია. ლონდონში ძაღლის მოსაქმებულს ვერსად ნახავთ, 1000 ფუნტია ჯარიმა. არც უპატრონო ძაღლების პრობლემაა და არც ძაღლების პატრონების, რადგან იქ მართლა უყვართ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები. უვლიან, გარეთ საბელით ასეირნებენ და წმენდენ მათ მოსაქმებულს. ის, რაც ჩვენთან ხდება, ძაღლების სიყვარული არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ბოროტება.

დილის 7 საათზე მიყვარდა სეირნობა, ცოტა ხნის წინ, რომ გავედი, დავინახე, ერთ ადგილას იყვნენ შეკრებილები ეს მეძაღლეები, მათ შორის რუსები, რომლებიც  აქ ბინებს ქირაობენ, ძაღლი ყავს ყველას.  დგანან, საუბრობენ, ეს ძაღლები დახტიან, დამინახა ერთმა, გამომეკიდა, მანქანას რომ მოვეფარე, უკნიდან მეზობლის ბულდოგი მეცა და დამგლიჯა. უნდა ნახოთ, რა ხდება იმუნიზაციის ცენტრში, საბურთალოზე. უამრავი დაკბენილი ადამიანია აცრაზე მისული. ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელია. 

ყველაზე საშინელება ისაა, რომ მეზობელია, არ ვუჩივლე და დღეს რომ შენიშვნა მივეცი საბელის გარეშე რატომ გამოგყავს ძაღლი მეთქი, იცით რა მაკადრა? შენ დაახტი ჩემს ძაღლსო. ესენი არ არიან ნორმალურები, ადამიანებიც სძულთ და ძაღლებიც. მავნებლობაზე არიან გადასული და ჯიბრში უდგანან მეზობლებს.ძაღლებს რას ვერჩი, პატრონები არიან სამკურნალო. ევროპაში თუ ძაღლი გიკბენს, პატრონი მთელი ცხოვრება ზრუნავს ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე, იციან ეს კანონები?“,-ამბობს ნინო ციმაკურიძე-ლენეტე.

მისივე თქმით, გაჩუმებას აღარ აპირებს, ყოველ დარღვევას ვიდეოზე აღბეჭდავს და სამართალდამცველებს მიაწვდის.

„ამ პიტბულს შეხედეთ, შუაგულ სკვერში ასე კიდებენ კბილებით ამის დანახვაზე ცუდად ვხდები .როდემდე…

უნდა იცოდეს ყველამ- რეკავთ 112-ში, მოდის პოლიცია, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და წერენ ჯარიმას. გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება და ვნახოთ, როგორ არ გაუკეთებენ ალიკაპს. დღისით, მზისით, საკუთარ სახლთან, ეზოში, სკვერში ისე შეიძლება დაიგლიჯო ავი ძაღლებისგან, რომ მკურნალობამაც არ გიშველოს. ადრე სკვერი სავსე იყო ძიძებით, ბავშვები გამოყავდათ ჰაერზე. ახლა იქ მხოლოდ ძაღლები დარბიან და დანარჩენები სხვა, პატარა სკვერში არიან ვიწროდ. იქ არის ნიშანი, რომ ძაღლების შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ერთი ბიჭია, რომელსაც ვერაფერი შევაგნებინეთ, სულ იქ მოყავს ძაღლი საბელის გარეშე. გავიგებ მის გვარს, ფოტოები და ვიდეოები მაქვს და გადავცემ პოლიციას„,-ამბობს ყიფშიძის ქუჩის მცხოვრები.

მისივე თქმით, ყიფშიძის ქუჩაზე წესრიგი თუ არ დამყარდა, ცხოვრება გაუსაძლისი გახდება.

„ღამეები არ გვძინავს, 30 ძაღლი ერთად ყეფს, დილით რომ გამოხვალ უნდა გაგიმართლოს, რომ არ დაგგლიჯონ. უცხოელები, ვისაც ბინები ჰქონდათ ნაქირავები, ყველა სხვაგან გადავიდა. რამდენი მეზობელი დაკბინეს ვეღარც ვითვლი. ერთს გულის ოპერაციაც კი დასჭირდა, ისეთ დღეში ჩააგდეს“,-ამბობს მოქალაქე.  

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,445 ნახვა