პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: განზრახულია არჩევნების ჩატარება ძველებურად, უსამართლოდ და არადემოკრატიულად

„ყველაზე სამწუხარო შეიძლება იყოს ის, რომ გამოქვეყნდეს სამოქმედო გეგმა, შეიქმნას გეგმის იმიტაციის სურათიც, მაგრამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს კვლავ ძველებურად, „დამკვრელურად“ – როდესაც არჩევნებიდან არჩევნებამდე საქართველოში სურათი არსებითად არ იცვლება, რადგან არჩევნები სამართლიანად ვერ ტარდება“, – ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკავშირდება ერთ ფუნდამენტურ საკითხს – იქცეს ქვეყანა ნორმალურ სახელმწიფოდ, სადაც სამართალს, კანონს, სამართლიანობას აქვს აზრი, სადაც ადამიანის უფლებები გათვალისწინებულია და დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი დაეუფლება ძალაუფლებას.

„სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და მისი განხილვაც უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ ერთი არსებითი თემის ფონზე – არსებობს თუ არა საკმარისი პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ჩვენ 2024-ში ჩავატაროთ წესიერი, სამართლიანი არჩევნები. ჯერჯერობით არც ამის ნება, არც სურვილი და არც კონტურები არსებობს. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმის განხილვამ შეიძლება მიიღოს ფორმალური ხასიათი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი დეკემბერში უნდა მიიღოს, რაც ისტორიული ამბავია, თუმცა საქართველო მხოლოდ სტატუსით ვერ გახდება წარმატებული ევროპული სახელმწიფო და ის ასეთად შეიძლება იქცეს მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და რაც მთავარია, პოლიტიკური და სამოქალაქო ნების სინერგიით.

„ქართული ოცნება“ დღეს თავს იწონებს იმით, რომ შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომ 14-15 დეკემბერს სტატუსთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარ თემას გაურბიხართ. მთავარი ისაა, რომ როგორც ჩვენ ვხვდებით და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ამაში – განზრახულია არჩევნების ჩატარება ძველებურად, უსამართლოდ და არადემოკრატიულად“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,925 ნახვა