პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მოთხოვნა ეხება არა კანდიდატის სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას

„დღეს ყველაზე აქტუალური თემა ევროინტეგრაციის პროცესია. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკვე ჩვენი მთავარი საზრუნავი და მოთხოვნა ეხება უკვე არა კანდიდატის სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან საქმეზე და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ქმედებების ნაცვლად მხოლოდ დეზინფორმაცია ისმის, მეორე მხრივ, კი ოპოზიცია ყველაფერზე საუბრობს გარდა საქმისა.

„ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ შეიქმნას სამუშაო ფორმატები და ჩვენ მზად ვართ ამ ფორმატებში მონაწილეობა მივიღოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალ წელს ამ დროს ჩვენი ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს. მჯერა, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ამ ეტაპზე სხვა არაფერია. ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ფორმატებში და არ გაიმეორონ ის შეცდომა, რომელიც ერთხელ უკვე დაუშვეს ზაფხულში სამუშაო ჯგუფებში არმონაწილეობით. ამაზე მათ არაერთი შენიშვნა მიიღეს როგორც ევროპელი მეგობრებისგან, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეებისგან. ამიტომ ყველას მოგმართავთ დროულად შექმენით სამუშაო ჯგუფები და ოპოზიციას კი მოვუწოდებ – ყველამ მივიღოთ მონაწილეობა სამუშაო ფორმატებში. შესაძლებლობა, რომელიც არსებობს დღეს ევროინტეგრაციის კუთხით, ეს შესაძლებლობა არ გავუშვათ ხელიდან“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,888 ნახვა