GD Banner
სამართალი

მაკო გომური პარლამენტს და შს მინისტრს უჩივის

მაკო გომური საქართველოს პარლამენტს და შს მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს. 

საკონსტიტუციო სარჩელით, 2020 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური “პოლიციის შესახებ” კანონში, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებში კონკრეტული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების წესებს ადგენს.

“სარჩელში ხაზგასმულია ევროსასამართლოს მიერ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები და Amnesty International-ის, ასევე Omega-ს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა იყოს საბოლოო საშუალება, მანამდე სახელმწიფო უნდა ეცადოს ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებების გამოყენებით ძალადობის აღკვეთას.

კინეტიკური ძალის ჭურვების გამოყენება ნაკლებად დამაზიანებელი ალტერნატივების წინასწარი გამოყენების გარეშე, დასაშვებია მაშინ, როცა თავიდანვე ნათელია, რომ ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებები ვერ შეაჩერებს ძალადობას. პოლიციამ, პირველივე შესაძლებლობისას, რეზინის ტყვია უნდა ჩაანაცვლოს სხვა ნაკლებად დამაზიანებელი სპეციალური საშუალებით, როცა რეზინის ტყვიის გამოყენების შემდეგ ვითარება იმგვარად შეიცვალა, რომ სხვა სპეციალური საშუალება გახდა ეფექტიანი საშუალება მასების სამართავად.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ზიანის მიყენების თვალსაზრისით, არალეტალური ჭურვი გათანაბრებულია ისეთ სპეციალურ საშუალებასთან, როგორიცაა: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება. ეს უკანასკნელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, არ არის ისეთი დამაზიანებელი, როგორც რეზინის ტყვია [რეზინის ტყვიას შესაძლოა მხედველობის სამუდამო დაკარგვა მოჰყვეს].

რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, ეს უკანასკნელი სიცოცხლისათვის საშიშია, თუ მისი გამოყენება ხდება სამიზნისათვის, მხოლოდ მაშინ, როცა ნასროლი კაფსულა ადამიანის სხეულზე ფეთქდება. ცრემლსადენი გაზის კაფსულის მოხვედრა ადამიანის სხეულზე სიცოცხლისათვის საშიშია აფეთქების მომენტში, სანამ ბოლს გამოუშვებს. ბოლის გაშვების შემდეგ, ცრემლსადენი გაზი არალეტალური საშუალება ხდება. ამ შემთხვევაში, ცრემლსადენი გაზი არ არის ისევე საზიანო, როგორც რეზინის ტყვია. წიწაკის გაზის გამოყენება ხშირად დაკავშირებულია არა კაფსულის აფეთქებასთან, არამედ სპეციალური კონტეინერიდან სპრეის ადრესატისათვის შესხურებასთან. ამიტომ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე რეზინის ტყვია. ამის მიუხედავად, კანონმდებელმა, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, არალეტალური ჭურვი გაუთანაბრა ისეთ საშუალებებს, როგორიცაა აკუსტიკური საშუალება და წიწაკის გაზი.

ამგვარად, სხვა გარანტიების არარსებობასთან ერთად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ ითვალისწინებს არალეტალური ჭურვის, როგორც უკიდურესი საშუალების, გამოყენების ვალდებულებას, როცა სხვა ნაკლებად დამაზიანებელი საშუალების გამოყენება აშკარად არაეფექტიანია ძალადობის აღსაკვეთად,” – აღნიშნულია სარჩელში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო მაკო გომურის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს “პოლიციის შესახებ“ კანონის შეცვლა მოუწევს, შინაგან საქმეთა მინისტრს კი – ბრძანების, რომლითაც საპროტესტო აქციების დროს ხელმძღვანელობს.

მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე იცავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,318 ნახვა