რელიგია

სინოდზე აუცილებლად დადგება მათი საკითხი და ხელს ვერავინ დააფარებს – მეუფე გიორგი პეტრე კოლხსა და ილია ჭიღლაძეზე

„ვაი დამსმენსა და ცილისმწამებელსო – ამბობს წმინდა წერილი“… სინოდზე აუცილებლად დადგება მათი საკითხი და ხელს ვერავინ დააფარებს  – ასე გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ქადაგებისას ბრალდებებს, რომლებიც მის მიმართ ილია ჭიღლაძემ და პეტრე კოლხმა, ერთ-ერთ მედიასაშუალების ეთერში გააჟღერეს.

მეუფე გიორგის თქმით, „ვითომ ოპოზიციურ და კრიტიკულ მედიას არანაირი ეთიკა არ გააჩნია“ და ისინი „სიცრუეზე, ცილისწამებაზე, ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრაზე“ არიან ორიენტირებული.

„ეს ზვარგადასულია. არ არსებობს კვირა, დღე, რომ მათ ასეთი გადაცემები არ მოაწყონ. მე იმაზე არ ვარ აღშფოთებული, რომ მეოუფე გიორგის როგორ შეეხნენ. მე იმაზე ვარ აღშფოთებული, რომ ჩემს სამწყსოს თითქოს რაღაც ჩრდილებს ანახებენ. რა თქმა უნდა, ჩვენც ცოდვილები ვართ. ჩვენც გვეკეცება მუხლები და გვიმძიმს ჯვრის ზიდვა, მაგრამ ვაი დამსმენსა და ცილისმწამებელსო – ამბობს წმინდა წერილი. ასეთი კაცის ხვედრი ჯოჯოხეთზე უარესი არისო. გამოიყვანენ და ასაუბრებენ ვიღაცა, ემიგრაციაში მყოფ სქიზმატიკოსს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ეს ყველაფერი. ეკლესიას ვერაფერი ვერ მოერევა, აქ პიროვნულობაზე კი არ არის, აქ არის, რომ ეპისკოპოსისი ინსტიტუტსა და ეკლესიაზე შეხება ყოვლად მიუღებელია. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ თუ კი ვინმეს ბრალი უნდა წაუყენონ, ასე კი არ ხდება, ხალხი რომ შეჰყავთ შეცდომაში, მათ უნდა მიმართონ წმინდა სინოდს და იქვე დაწერონ, რომ თუ მე ამას ვერ დავამტკიცებ, იგივე სასჯელით მე დავისაჯო. ყველაფერს თავისი ფორმა და კანონიკური სამართლის ნორმები აქვს. ჯერ ერთი, სახარება ამბობს, რომ „უკეთუ შესცოდოს შენ ძმამან შენმან, მიდი და, შენ და ის რომ იქნებით მარტო, განიხილეთ. თუ არ მოგისმინა ძმამ, 2-3 კაცთან ერთად მიდი – აი, რა არის სახარების სწავლება და ესენი მესაუბრებიან რაღაცა კანონიკურ დარღვევებზე? ისინი სჯულს და ყველაფერს ფეხით თელავენ. პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე უცოდველი არის და ტალახის მსროლელს, ხელი არ დარჩება სუფთა“, – ამბობს სასულიერო პირი. 

მეუფე გიორგის აზრით, ილია ჭიღლაძემ და პეტრე კოლხი ეკლესიიდან უნდა განკვეთონ, რადგან ეკლესიაში „დიდი შფოთი და არეულობა შემოაქვთ“.

„ისინი იქადნიან, რომ არიან უკეთესები. შენ თუ უკეთესი ხარ და არ ხარ ისეთი ცოდვილი, შენ იყავი უკეთესი, მაგრამ შენ, რომელიც საქმით და სწავლებით დაეცი… წარმოიდგინეთ, სადამდე დაეცა ილია ჭიღლაძე, ადამიანი, რომელიც უკიდურეს ფსკერზე არის დასული და მართლა მეცოდება. ეს ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ასრულებს დიდ შეკვეთას, როგორც მისი სიძე, კოლხი (მამა პეტრე). ჭიღლაძე, ეს არის ერეტიკოსი, მწვალებელი, თავისი სწავლებით, რომელიც სამართლიანად შეუჩერდა მღვდლობა და მას სინანულისთვის დრო მიეცა. ნაცვლად იმისა, რომ მან ეს დრო სინანულისთვის გამოიყენოს, ის დაკავებულია ცილისმწამებლური, ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით, რომელსაც უდიდესი შფოთი და არეულობა შეაქვს ჩვენს საზოგადოებაში.

ჯერ ადამიანი უნდა იყო და კაცი, მერე არის მღვდელი, დიაკვანი და ეპისკოპოსი. ჩინი და თანამდებობა ადამიანს კაცად ვერ გახდის, მაგრამ კაცი რომ ადამიანის სახეს დაკარგავს, იმას ყოვლადწმინდა სამება თუ უშველის. ის აუცილებლად არის განსაკვეთი. ეს აუცილებლად მოხდება, სინოდზე დადგება მისი საკითხი და ვერავინ ხელს ვერ დააფარებს. თვითონ ვინ არის? ხოლო ეს პეტრე კოლხი, კაცი, რომელიც არის სასულიერო პირი. სასულიერო პირები, რა თქმა უნდა, ყველა ცოდვილები ვართ, მაგრამ მღვდელი, რომელიც სახარებას არ ქადაგებს და სახარებისეული სწავლებით არ მოძღვრავს მრევლს… მათი საქმე აუცილებლად ბოლომდე მივა. ეს არეულობა, ეს შფოთი, რაც მათ შემოიტანეს ჩვენს ეკლესიაში, ამისთვის აუცილებლად დაისჯებიან. მე რაღა მეთქმის, ჩვენს პატრიარქს, ამ უწმინდეს ადამიანს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩვენი ერის ღმერთთან დაახლოებას მოანდომა, ასეთ ადამიანს რომ წლების განმავლობაში ძირს უთხრიან, ასეთები მკაცრად უნდა დაისაჯონ – არის დანაშაული, რომლისთვისაც უნდა მოიკვეთოს. ასე რომ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – მიმართა მრევლს მეუფე გიორგიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,876 ნახვა