საზოგადოება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, 2 აპრილს მოეწყო შშმ პირთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა “გაზაფხულის ფერები“. ექსპონატები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში განთავსდა.

გამოფენაზე შშმ პირებმა წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება – თექა, ბისერით ქარგვა, თიხა, კერამიკა, სხვადასხვა აქსესუარები, ნახატები და სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიებაზე დარიგდა ორგანიზაციის პრეზიდენტის, გიორგი ქობალიას ლექსების კრებული სახელწოდებით “მეამბოხე სული”.

უნივერსიტეტის ადმინისტაცია გამოფენის მონაწილე შშმ პირებს და მათ მშობლებს სადილით და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step By Step“-ის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი – ნინო გულუა შშმ პირთა თემის სახელით მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, რექტორს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ყველა თანამშრომელს, საოცარი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ღონისძიების ბოლოს შშმ პირებს დაურიგდათ ქ. თბილისის მერიის კულტურის. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით შეძენილი საჩუქრები და „ავერსი ფარმას“ მიერ გამოყოფილი ჰიგიენური საშუალებები.

მსგავსი გამოფენების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, რომ ყველა ადამიანი თანასწორია თავის შესაძლებლობებში, რომ საზოგადოების მხრიდან უბრალოდ საჭიროა ამ შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობა.

ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„ ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შევუწყოთ მათ. გვინდა მოვუწოდოთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებს, არ დაივიწყონ, რომ მათ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც თავისი უნარების და შესაძლებლობების გამოსავლენად ესაჭიროებათ მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. მადლობა ყველა სპონსორს: ქ. თბილისის მერიის კულტურის. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს; საქველმოქმედო ფონდს ავერსი ფარმას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს და უწყვეტი სამედიცინო განათლების საერთაშორისო აკადემიას“,-განაცხადა ნინო გულუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,902 ნახვა