ხელოვნება და კულტურა

ავთანდილ ვარსიმაშვილი: როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა – თეატრში გაკეთებულ ნებისმიერ პოლიტიკურ დეკლარაციას ჰყავს მოწინააღმდეგე როგორც მაყურებელში, ასევე თეატრის თანამშრომლებში

თავისუფალი თეატრი რატომ სდუმსო. არ სდუმს. მუშაობს. ყოველდღე, უჩვენებს სპექტაკლებს გადაჭედილ დარბაზებში. ხშირად გასტროლებს ვმართავთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქალაქებში. ეს წინასიტყვაობა იყო, ახლა მთავარს მოგახსენებთ! ჩვენი თეატრის არც მაყურებელი და არც თეატრში მომუშავე ადამიანები არ არიან ერთსახოვანნი და ყველას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიცია აქვს, – წერს “თავისუფალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ვარსიმაშვილის განცხადებით, თეატრი სახელმწიფოს პატარა მოდელია და მას, როგორც ხელმძღვანელს აქვს ვალდებულება, როგორც მაყურებლების, ისე მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის განსხვავებულ აზრს პატივი სცეს.

მისივე განმარტებით, ევროპა და ევროპელობა უპირველესად, ადამიანის პიროვნული არჩევანის და მისი თავისუფლების პატივისცემაა და ინდივიდუალურად ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

“თავისუფალი თეატრი რატომ სდუმსო. არ სდუმს. მუშაობს. ყოველდღე, უჩვენებს სპექტაკლებს გადაჭედილ დარბაზებში. ხშირად გასტროლებს ვმართავთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქალაქებში. ეს წინასიტყვაობა იყო, ახლა მთავარს მოგახსენებთ! ჩვენი თეატრის არც მაყურებელი და არც თეატრში მომუშავე ადამიანები არ არიან ერთსახოვანნი და ყველას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიცია აქვს. თეატრი სახელმწიფოს პატარა მოდელია. ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს, ზოგი ხელისუფლებას . ჩვენი მაყურებელი, ზოგი ერთ მიტინგზე დადის, ზოგი – მეორეზე. არიან ისეთებიც, რომლებსაც არც ერთი პოზიცია არ მოსწონს. სამივე მხარე ჩვენი მაყურებელია, რომელიც მიტინგების დროსაც ავსებს დარბაზს, ზოგს სურს მიტინგის გაგრძელება იხილოს, ზოგს კი პირიქით, სურს მიტინგს განერიდოს და მხოლოდ დაისვენოს.

მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალსაც სხვადასხვა შეხედულებები აქვს, თეატრი არაა საჯარისო ფორმირება რომ ყველას უბრძანო ერთ აზრზე იყვნენ. (იქაც კი არის მომენტი, როდესაც თუ აცნობიერებ, რომ დანაშაულებრივი ბრძანებაა, არ უნდა შეასრულო). მე, როგორც თეატრის ხელმძღვანელი ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც ჩვენს მაყურებელს, ასევე ჩემს მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, პატივი ვცე თითოეულის პოზიციას, თითოეულის აზრს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა და დიქტატის სახით, სიტყვიერად არ მოვახვიო ვინმეს ერთი პოზიცია და არ შევუქმნა თეატრში მოსულ თუნდაც ერთ ადამიანს რაიმე დისკომფორტი. თეატრში გაკეთებულ ნებისმიერ პოლიტიკურ დეკლარაციას აუცილებლად ჰყავს მოწინააღმდეგე როგორც მაყურებელში, ასევე თეატრის თანამშრომლებში. შენ რომ ერთ აზრს გამოაცხადებ სცენიდან, იქვე გვერდით მდგარ მსახიობს სხვა აზრი შეიძლება ჰქონდეს,ისევე, როგორც დარბაზში მსხდომებს.

სხვა საკითხია სპექტაკლით, მხატვრული სახეებით ნათქვამი, იქ განზოგადება და მსჯელობაა თემაზე. ევროპა და ევროპელობა უწინარეს ყოვლისა ადამიანის პიროვნული არჩევანის და მისი თავისუფლების პატივისცემაა. ინდივიდუალურად, თავისი სახელით, თავისუფალი თეატრის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება აკეთოს ნებისმიერი განცხადება და აკეთებენ კიდეც, მიტინგებზეც დადიან და ინტერვიუებსაც იძლევიან, მაგრამ თეატრის სახელით საჯარო განცხადებების უფლება მეც კი არ მაქვს, თუ ეს არ იქნება ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული,რადგან თავისუფალი თეატრი დემოკრატიული ინსტიტუციაა, სადაც ყველა პიროვნებაა და ყველას თავისი აზრი და პოზიცია აქვს. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი პირადი აზრი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვთქვი, როცა პირველად იხილავდნენ ამ კანონს, რომ ყველაფერი რაც ხელს უშლის ჩვენს მისწრაფებას ერთიანი ევროპული სივრცისკენ, ჩემთვის მიუღებელია და რომ რუსეთი და მისი იმპერიული ინტერესები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ამ მისწრაფებას. მხოლოდ ევროპაა ჩემი არჩევანი და ამ აზრს არასოდეს შევიცვლი. აქვე მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ასე დაუზარებლად აფრიალებს 2 წლის წინანდელ ვიდეო კადრების ამონარიდს სადაც მადლობას ვუხდი კულტურის მინისტრს დახმარებისათვის. თეა წულუკიანმა მაშინ თეატრისათვის გააკეთა ის, რაც მისმა წინამორბედმა 9 მინისტრმა, 20 წლის მანძილზე არ და ვერ გააკეთა. თეა წულუკიანამდე არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და არც ოცნების კულტურის წინა მინისტრებმა არ დააფინანსეს თავისუფალი თეატრი არც ერთი თეთრით. დიახ, გადავუხადე მადლობა და დღესაც ვუხდი ამისთვის მადლობას. უმადურობა და დაუნახაობა ცოდვაა. დაუწერელი კანონია, როცა ადამიანი სიკეთეს გიკეთებს, მას მადლობა უნდა უთხრა ამ სიკეთისათვის და ვისაც ეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს ჩემი მადლობის სიტყვები არანაირ ვალდებულებას არ გვაკისრებს, რომ კრიტიკული არ ვიყოთ სახელმწიფოსადმი, რადგან თავისუფალი თეატრი დღიდან დაარსებისა იყო, არის და იქნება სოციალურ – პოლიტიკური თეატრი, 23 წლის მანძილზე არც გვეშინოდა და არც ეხლა გვეშინია ვინმესი, ვგმობდით და ყოველთვის , დავგმობთ ძალადობას, ოღონდ თეატრის სათქმელს ყოველთვის ვამბობდით მხოლოდ ჩვენი სპექტაკლებით. მათ ვისაც არ ახსოვს შევახსენებ, რომ შევარდნაძის დროს დავდგით “ კომედიანტები”, “ ჯინსების თაობა”, “ პროვოკაცია” ,“ ტელემისტერია”, სააკაშვილის დროს “ ძმები”, “ იდიოტოკრატია” და გადავიღეთ “ ყველაფერი კარგად იქნება”, ხოლო ოცნების დროს “ ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს”, “ სხვების ცხოვრება”, “ 2030”, სხვა სპექტაკლებიც შემიძლია დავასახელო, მაგრამ ესენიც საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ: თეატრის კურსი არ შეცვლილა 23 წლის მანძილზე და გარწმუნებთ არც შეიცვლება. ამიტომ, თუ ვინმეს ჩვენი პოზიცია აინტერესებს, მოვიდეს და ნახოს ჩვენი სპექტაკლები. ღრმად მწამს, რომ თეატრმა მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა გამოხატოს თავისი სპექტაკლებით და არა ქაღალდზე დაწერილი დეკლარაციებით. ჩვენ მუდამ გვახსოვს, რომ ვართ თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს!” – წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,050 ნახვა