პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით

რატი ბრეგაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან.

ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა, აგრეთვე ორივე საქმის ფარგლებში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა.

ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული.

ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს.

რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც არ დაინახა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით და ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რაც მათ შორის მართული იყო ქვეყნის გარედან“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,168 ნახვა