პოლიტიკა

სოზარ სუბარი ენტონი ბლინკენს- “სანგარში” მყარად მჯდომ მართალ ადამიანს ბევრი რამ აძლიერებს, პირველ რიგში კი იმის განცდა, რომ უსამართლოდ ცდილობენ მის დაჩაგვრას. ამიტომ, თქვენი მუქარებიც ისეთივე ფუჭი და არაფრისმომცემია, როგორც რევოლუციების მცდელობა

ხალხის მხარდაჭერის გარეშე „თქვენ გადაწყვიტეთ, რომ იმოქმედოთ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და აგრესიულ უმცირესობას მოსახლეობის უმრავლესობაზე ძალადობის ბიძგს აძლევთ. სამწუხაროდ, თქვენ გსურთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს თქვენ მიერ მხარდაჭერილ ენჯეოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს. სწორედ მათი ხელით გსურთ ქვეყანაში მორჩილი “მმართველების” მობრუნება, მაგრამ როდესაც იდეას, კეთილია ის თუ ბოროტი, მასების მხარდაჭერა არ აქვს, იგი ჩანასახშივე განწირულია.“-ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.

ასევე, სოზარ სუბარი იხსენებს ენტონი ბლინკენის იმ განცხადებას, რომელმაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთ „პრობლემურ“ ტერმინებს, როგორიცაა „დედა/მამა“, „ქმარი/ცოლი“.

დეპუტატის თქმით, ამ განცხადებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაბრაზება და გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მძიმე მოსასმენი და მისაღებია „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისგან ფსევდოლიბერალური, თავსმოხვეული იდეოლოგიის წახალისება.

რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას, სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ ეს კანონი, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა მათი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან.

„პატივცემულ ენტონი ბლინკენს ბატონო სახელმწიფო მდივანო, გწერთ შეშფოთებული პატარა საქართველოდან, რადგან მოვისმინე თქვენი გამოსვლა სენატში, სადაც საქართველოზე და ქართულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” საუბრობდით. თუმცა კი, სანამ ამ თემამდე მისასვლელ გზას დაადგებოდით, ბევრი ადამიანის სათქმელი გითხრათ სენატორმა ტედ კრუზმა. მთავარი მაინც ის იყო, რომ თქვენი ადმინისტრაცია მეგობრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. უფრო მეტი სიცხადისთვის ციტირებას გავაკეთებ: “თქვენი საგარეო პოლიტიკა ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის მათ, ასუსტებს და თავს ესხმის”, – გითხრათ სენატორმა.

ამ მწვავე კრიტიკიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს თემას შეეხეთ, შეშფოთება გამოხატეთ გამჭვირვალობის კანონის მიმართ და მას “რუსული სახელმძღვანელოდან გადმოწერილი” უწოდეთ. რატომღაც, ამ ფრაზამ საქართველოში თქვენი ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი გამახსენა, რომელიც ზუსტად ანალოგიური ტერმინოლოგიით საუბრობდა და ახლა გასაგებია, საიდან იყო ინსპირირებული. ამ თემას ქვევით მივუბრუნდები, მანამდე კი, დაჟინებით მინდა, სენატორ ტედ კრუზის მიერ თქვენს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას შევეხო. მით უმეტეს, რომ ბრალდება ძალიან სერიოზულია და თქვენ მეგობრების მიმართ ორმაგ თამაშებსა და მათზე თავდასხმებში გადანაშაულებთ.

დიახ, თქვენ და მოქმედმა ადმინისტრაციამ, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ სიტყვებს – “მეგობრობა” და “სტრატეგიული პარტნიორობა” – უარყოფითი კონოტაცია შეეძინა ჩვენს ურთიერთობაში. დიახ, თქვენ თავს გვესხმით და ჩვენ თავს ვიცავთ. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ იმოქმედოთ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და აგრესიულ უმცირესობას მოსახლეობის უმრავლესობაზე ძალადობის ბიძგს აძლევთ.

სამწუხაროდ, თქვენ გსურთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს თქვენ მიერ მხარდაჭერილ ენჯეოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს. სწორედ მათი ხელით გსურთ ქვეყანაში მორჩილი “მმართველების” მობრუნება, მაგრამ როდესაც იდეას, კეთილია ის თუ ბოროტი, მასების მხარდაჭერა არ აქვს, იგი ჩანასახშივე განწირულია.

ამ ყველაფერთან ერთად, მსურს თქვენი განცხადებაც გავიხსენო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა, როგორც შიდა სამსახურებრივი ბრძანება და რომელსაც თქვენი ხელმოწერა „ამშვენებს“ – თქვენ თანამშრომლებს მოუწოდეთ, თავი შეიკავონ ისეთი „პრობლემური“ ტერმინების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“, „მამა“, „ქმარი“, „ცოლი“, „ბიჭი“, „გოგო“. სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ვერავინ გაიგო, რატომ შეიძლება პრობლემური ეწოდოს დედას ან მამას. უფრო მეტიც, თქვენმა ამ განცხადებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გაბრაზება და გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მძიმე მოსასმენი და მისაღებია „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირისგან ფსევდოლიბერალური, თავსმოხვეული იდეოლოგიის წახალისება. ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დღემდე ვერ გაუგია, რა მიზანს ემსახურებოდა თქვენი ეს განცხადება და აჯობებს, ქართული კანონის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, ნათლად აგვიხსნათ, თუ რომელ მხარეს დგახართ პირადად თქვენ.

თუმცა, ასახსნელიც არაფერია – ყველაფერი ზედაპირზე დევს. ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში თანაბრად მიუღებელია ქართული კანონის თქვენეული კრიტიკა და თქვენი ღია ჩართულობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში. კარგად გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ხოლო ქალი – ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას – მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის. ვერაფრით ამომიხსნია, რა მოტივაცია გამოძრავებთ. არ მინდა დავიჯერო, რომ 1990-იან წლებში, სხვადასხვა სპეციალური სამსახურების სახელმძღვანელოებში გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებთ და არად აგდებთ კონტექსტს, დროს, მოცემულობას და განწყობებს. თუმცა კი, ყველაფერს ასეთი პირი უჩანს. ბატონო სახელმწიფო მდივანო, რადგან დაგპირდით, რომ გამჭვირვალობის კანონს ბოლოს დავუბრუნდებოდი, ეს კანონი, ჩემი ღრმა რწმენით, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ “სანგარში” მყარად მჯდომ მართალ ადამიანს ბევრი რამ აძლიერებს, პირველ რიგში კი იმის განცდა, რომ უსამართლოდ ცდილობენ მის დაჩაგვრას. ამიტომ, თქვენი მუქარებიც ისეთივე ფუჭი და არაფრისმომცემია, როგორც რევოლუციების მცდელობა ხალხის მხარდაჭერის გარეშე!“-წერს სოზარ სუბარი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,524 ნახვა