საზოგადოება

რა უნდა გაითვალისწინონ ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის მსურველებმა

2024 წლის 28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ქვეყანაში დაყონ არაუმეტეს 30 დღისა თითოეულ შესვლაზე.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა.

უვიზოდ გამგზავრების შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას თუ რა უნდა გაითვალისწინონ ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა:

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა

• ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები – Alipay, WeChat Pay. ამასთან, WeChat Pay-ზე ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ჩინური საბანკო ბარათით. ხოლო Alipay-ს შევსება შესაძლებელია ნებისმიერი უცხოური ბარათითაც

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება ჩინური კანონმდებლობის ნორმებს. საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეს დახმარებას უწევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში

• ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრძალულია სამხედრო, სამთავრობო და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ”, ხელი მოეწერა 2024 წლის 10 აპრილს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,213 ნახვა