საგარეო პოლიტიკა

„დროა, ეს ომი შეწყდეს“ – ბაიდენმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარმოადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ ახალი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ისრაელის მიერ არის შემოთავაზებული. გეგმა ითვალისწინებს დეესკალაციის სამ ეტაპს, რომელიც მხარეებს შორის მუდმივ ზავსა და პალესტინის ტერიტორიიდან ისრაელის ძალების გაყვანას მოიცავს.

გეგმის მიხედვით, პირველი ეტაპი ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს. იგი მოიცავს ცეცხლის სრულ და საბოლოო შეწყვეტას, ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზას სექტორის დასახლებული ტერიტორიებიდან და ისრაელელი მძევლების დაბრუნებას ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.

მეორე ეტაპი საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტასა და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას გულისხმობს. ამასთან, ამ ეტაპზე ყველა დარჩენილი მძევალი ისრაელში უნდა დაბრუნდეს.

საბოლოოდ, მესამე ეტაპით დაიწყება რეგიონის მასიური რეკონსტრუქცია შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, რასაც სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება.

გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, „ჰამასის“ ტერორისტების მიერ მოკლული ისრაელელების ნეშტი მათ ოჯახებს უნდა დაუბრუნონ.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა კატარის შუამავლების მეშვეობით „ჰამასის“ წარმომადგენლებს გადაეცა. ამერიკის პრეზიდენტმა „ჰამასს“ მოუწოდა მიიღოს, ეს წინადადება.

ამასთან, მან ისრაელ პოლიტიკოსებსაც მიმართა.

„ვიცი, რომ ისრაელში არიან ისეთები, რომლებიც არ დაეთანხმებიან ამ გეგმას და ომის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებისკენ მოწოდებას გააკეთებენ“, – თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია, შეთანხმება გააფორმოს ისე, რომ საკუთარი უსაფრთხოების შიში არ ჰქონდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ისრაელი ყოველთვის შეძლებს სამხედრო ოპერაციების განახლებას. ამავე დროს, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, „ჰამასი“ ღაზას სექტორში ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა