პოლიტიკა

მეთიუ მილერი – დღეს ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს

დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

„აშშ კვლავაც ღრმადაა შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მათი ბოლო განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები აჩენს საფრთხეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის სურვილებს. სახელმწიფო მდივანმა ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვის შესახებ. ამ პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის იმპლემენტაცია, რაც მიმართულია ჩემ მიერ ნახსენები ქმედებების გადასაჭრელად. დღეს ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ. მათ შორის იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე, ან არის მათი ოჯახის წევრები, ვინც არის პასუხისმგებელი, ან თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. მათ შორის პასუხისმგებელია შეკრების თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე, დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებაზე. სავიზო შეზღუდვების ეს პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ მათ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს, რათა წინ წასწიონ მათი ქვეყნის დიდი ხნის, დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფება. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, აშშ მზადაა, გაატაროს დამატებითი ქმედებები“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, რამდენი ათეული პირის წინააღმდეგ არის აღნიშნული სანქციები, მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ „რამდენიმე ათეულის“. დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საუბარია ორ ან სამ ათეულ პირზე.

„დაახლოებით ორი ან სამი ათეული. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მხოლოდ პირველი პაკეტია“, – დასძინა მილერმა.

კითხვაზე, თუ ეცნობათ აღნიშნულ პირებს სანქციების შესახებ, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მიხვდებიან, თუ აშშ-ში ჩასვლას ეცდებიან.

„როგორც წესი არ ვატყობინებთ, მაგრამ ისინი მიხვდებიან თუ აშშ-ში ჩამოსვლას ეცდებიან“, – აღნიშნა მილერმა.

რაც შეეხება პირებს, რომელთაც ვიზა აქვთ, მილერის თქმით, მათ ატყობინებენ სანქციების შესახებ.

„კი, მართალი ხართ, მათ ვატყობინებთ, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ მათ უკვე შეატყობინეს, რადგანაც ახლახან ავამოქმედეთ ეს შეზღუდვები“, – განაცხადა მილერმა.

კითხვაზე, როგორ შეარჩიეს აღნიშნული პირები, რომელთაც სანქციები შეეხო, მილერმა აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს კონკრეტულ გვარებს. მისივე თქმით, დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მზადდება, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული.

„მე ვერ დაგისახელებთ სპეციფიკურ სახელებს. ვიზების ჩანაწერები კონფიდენციალურია. მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ ისინი შევარჩიეთ იმ ადამიანებისგან, ვისი ქმედებებიც მიმართული იყო დეზინფორმაციის გავრცელებისკენ, ვისი ქმედებებიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ვინც ძალადობრივად ესხმოდა თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს და აშინებდა სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ჩვენს სერიოზულ ქმედებებს შორის. აქვე ვიტყვი, რომ ის ნაბიჯები, რომელთაც ვამზადებთ დამატებით, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ ძირეულ გადახედვას ვახდენთ ჩვენი ურთიერთობისა საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, ხომ არ არის სანქცირებულ პირებს შორის პარლამენტის სპიკერი, რომელმაც ხელი მოაწერა კანონს, მილერმა აღნიშნა: „უკვე ვთქვი, რომ სპეციფიკური სახელების დასახლებას მიკრძალავს კანონი“.

კითხვაზე, სანქციები რამდენი პაკეტია მოსალოდნელი, მილერმა განაცხადა, რომ ამას ვერ იტყვის, თუმცა აშშ მზადაა, დამატებითი სანქციების დასაწესებლად.

„ამას ვერ გეტყვით. თუმცა, გეტყვით, რომ მზად ვართ დამატებითი სანქციების დასაწესებლად და სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ საჭიროებისამებრ“, – აღნიშნა მილერმა.

კითხვაზე, რა გზავნილს ემსახურება სანქციების პაკეტებად დაყოფა, მილერმა აღნიშნა, რომ „ჯერ კიდევ არის დრო შემოტრიალებისთვის“ და აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო.

„როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ტრაექტორია, რომელსაც მისდევს. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება, რომელიც მათ მიიღეს. ეს ასევე ეხება იმ განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც ისინი უარყოფენ გეზს, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იდგა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემოტრიალებისთვის. ჩვენი პოლიტიკა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო“, – განაცხადა მილერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,036 ნახვა