პოლიტიკა

სოზარ სუბარი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე: ჩვენ არ გვინდა „ლაპარაკით“ და ცრუ დაპირებებით აღმოვჩნდეთ უკრაინის მსგავს სიტუაციაში, თუ გვპირდებიან რამეს, კეთილი ინებონ და შესაბამისი ნაბიჯები გადმოდგან

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ქოლგა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთი, რომლითაც საფრთხეები შეექმნება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საქართველო-ნატოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე.

როგორც სუბარმა აღნიშნა, დაპირებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს იმ პროცესების წამახალისებელი, რამაც გამოიწვია 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოში და ომი უკრაინაში.

„ხალხის ძალის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ნატოში ახალი წევრების მიღების საკითხი რუსეთისათვის წითელ ხაზად იქცა, ამას, თავის დროზე, აღიარებდნენ მსოფლიოს ლიდერები, რომელთა შორის სუბარმა ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიკოლა სარკოზი და ჯო ბაიდენი დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ქოლგა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთი, რომლითაც საფრთხეები შეექმნება ჩვენს ქვეყანას და ნაბიჯი წინ არ გადაიდგმება. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის მისწრაფება ნატოსკენ იყო ერთგვარი წამახალისებელი რუსეთის აგრესიის უკრაინის წინააღმდეგ, მის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა.

თუმცა მალევე იგივე გაიმეორა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მოგვიანებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სიტყვა-სიტყვით ასეთი რამ თქვა: “2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევპირდით საქართველოს და უკრაინას, რომ ისინი გახდებიან ნატოს წევრები, მაგრამ არ მივეცით არც უსაფრთხო ქოლგა, არც ეკონომიკურად დავეხმარეთ და ამით წავაქეზეთ 2008 წლის აგვისტოს ომი, 2014 წლის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ის, რაც 2022 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება – უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის განადგურება.” ეს არის ამის ბრალიო, თქვა სარკოზიმ და ჩვენც სწორედ ამისგან დაცვა გვჭირდება და არა იმის წაქეზება, რის შემდეგაც შეიძლება აღმოვჩნდეთ მსხვერპლის როლში.

გარდა ამისა, 2 დღის წინ, ჯო ბაიდენმა პირდაპირ თქვა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო უკრაინის ნატოიზაციის. ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ვგეგმავდით და ამაზე მხოლოდ ვლაპარაკობდითო. ჩვენ არ გვინდა ასეთი „ლაპარაკით“ და ასეთი ცრუ დაპირებებით აღმოვჩნდეთ უკრაინის მსგავს სიტუაციაში. თუ გვპირდებიან რამეს, კეთილი ინებონ და შესაბამისი ნაბიჯები გადმოდგან და არა ის, რაც 2008 წელს მოხდა – „ღია კარში“ დგომის პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც არანაირი ნაბიჯი არ მოსდევს“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,198 ნახვა