ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ზაფხულის სეზონზე ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და გამყარებას უნდა ველოდოთ, მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებაც, გაზარდოს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, მთლიანად აცლის ნიადაგს ოპოზიციის სპეკულაციებს ეკონომიკის ჩამოშლის სცენარებზე

არის თუ არა კავშირში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებული მაჩვენებელი საპროტესტო გამოსვლებთან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან როგორც ამას ცალკეული ექსპერტები თუ პოლიტიკოსები წარმოაჩენენ? ამ თემის აქტუალობა სავალუტო კურსთანაც თანხვედრაშია წარმოდგენილი, თითქოს შემცირებული საინვესტიციო ნაკადები ზემოქმედებდეს სავალუტო ბალანსზე და შესაბამისად სავალუტო კურსის გაუფასურებაც ამის შედეგი იყოს, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სებ-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სავალუტო ინტერვენციების დანიშნულებაც აჟიოტაჟებისას მოკლევადიანი, ნეგატიური მოლოდინებიდან გამოწვეული შოკების განეიტრალებაა და სწორად მიაჩნია სტრატეგია, რომლითაც ეროვნული ბანკი მოქმედებს.

ცუცქირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ გლობალური გამოწვევებისა თუ საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, გაზარდოს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.2 -% მდე, 4.8 %-ის ნაცვლად, ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობაზე მიუთითებს და ოპოზიციის სპეკულაციებს ეკონომიკის ჩამოშლაზე, საფუძველს აცლის.

“არის თუ არა კავშირში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებული მაჩვენებელი საპროტესტო გამოსვლებთან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან როგორც ამას ცალკეული ექსპერტები თუ პოლიტიკოსები წარმოაჩენენ? ამ თემის აქტუალობა სავალუტო კურსთანაც თანხვედრაშია წარმოდგენილი, თითქოს შემცირებული საინვესტიციო ნაკადები ზემოქმედებდეს სავალუტო ბალანსზე და შესაბამისად სავალუტო კურსის გაუფასურებაც ამის შედეგი იყოს.

მართალია, ამ წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია და თუ 2020-2021 წლების კოვიდპანდემიური შოკის პერიოდს არ ჩავთვლით, ჩამორჩება როგორც 2023 წლის, ისე 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელსაც(577 მლნ აშშ დოლარი), თუმცა საინვესტიციო ნაკადების ცალსახად პოლიტიკურ ფაქტორთან დაკავშირება ზედმეტად არის გაზვიადებული. მართალია, 2022-2023 წლებში ინვესტიციების მაღალი მოცულობა განაპირობებდა მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც, მაგრამ გარდა ინვესტიციებისა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს სხვა კონტრიბუციური ფაქტორებიც განაპირობებენ, იქნება ეს საქონლის და მომსახურების ექსპორტი თუ შიდა მოხმარება.

ამასთან, თუ საინვესტიციო ნაკადების შემცირებას პოლიტიკურ პროცესებს დავუკავშირებთ, საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი აპრილ-მაისზე მოდიოდა და ნაკლებად თუნდაც მარტზე. პირველ კვარტალში საინვესტიციო ნაკადების შემცირება წინა წლებთან შედარებით, გარკვეულწილად დაკომპენსირდა მომსახურების ექსპორტის მზარდი დინამიკით, რაც პირველ კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და 800 მლნ აშშ დოლარის შეადგინა, რასაც ემატება ადგილობრივი წარმოების მზარდი დინამიკამაც. ამის შედეგი იყო პირველ კვარტალში მაღალი 7.8 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც აპრილში გაგრძელდა უკვე ორნიშნა 11.8 %-იანი ზრდის მაჩვენებლით. დიდწილად სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ მაღალ ზრდასაც და კურსის სტაბილურობასაც, ამასთან, როდესაც ინვესტიციების ხასიათზეა საუბარი უნდა ვიცოდეთ, რომ ინვესტიციებს თავისებური ციკლურობაც ახასიათებს. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ირლანდიის მაგალითი, როდესაც 2012-2015 წლებში სარეკორდო 237 მლრდ აშშ დოლარიდან, რაც მშპ-ის 81 % იყო, 2017 წელს 57 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2019 წელს სულაც უარყოფით მაჩვენებელში -46.2 იყო და ეს ტენდენცია გარკვეულწილად დღესაც შენარჩუნებულია.

ახლა რაც შეეხება სავალუტო კურსს. წინა წლებში იყო მოსაზრება, რომ სებ-ი ნაკლებად უნდა ჩარეულიყო ბაზარზე და კურსის სამომავლო კორექტირება ანუ ახალი წონასწორობის წერტილი თავად ბაზარს უნდა განესაზღვრა, რადგან ამ მიდგომით სავალუტო რეზერვების დაცლის თავისებური პრევენცია უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ მიდგომას კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავდა და მინუსებიც ბევრი ჰქონდა, და პირველ რიგში ეს მოკლევადიანი რყევები ფასებზე ახდენდა ნეგატიურ ზეგავლენას, ქვეყნის მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე. შემდგომში კურსის დაწევა ნაკლებად მოდიოდა კორელაციაში ფასების შემცირებასთან, როგორც ნავთობპროდუქტებზე, ისე სასურსათო პროდუქციაზე. შესაბამისად, ინფლაციაც ამ პერიოდში შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, ხოლო 2021-2023 წლებში სულაც ორნიშნა ნიშნულზე იყო ასული.

მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სავალუტო ინტერვენციების დანიშნულებაც აჟიოტაჟებისას მოკლევადიანი, ნეგატიური მოლოდინებიდან გამოწვეული შოკების განეიტრალებაა თუ ეს არ არის გამოწვეული მაკრო ფაქტორებით, მაგალითად საგადამხდელო ბალანსის გაუარესებით. სავალუტო რეზერვების დაცლაც მაკროფაქტორების გაუარესებისას ინტერვენციების დროს ხდება. ამიტომაც ნაკლებად არის მიზანშეწონილი ბაზრის ინტერვენციები ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებისას. დღეს როდესაც სებ-მა მაისიდან მოყოლებული უკვე მესამე ინტერვენცია განახორციელა ბაზრისათვის 60 მილიონიანი ტრანშების მიწოდებით, გამოწვეული იყო აჟიოტაჟებისათვის დამახასიათებელი ინერციული პერიოდით და მიზნად სწორედ ამ აჟიოტაჟის ჩაცხრომას ემსახურება, რასაც დაემატა კორპორატიული ობლიგაციების დაფარვის პერიოდი, რაც ასევე ზრდის მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე.

მიმაჩნია, რომ სებ-ის მხრიდან აღნიშნული ორმხრივი ინტერვენციის სტრატეგია სწორია, რომელიც სადოლარე შემოდინებების სიჭარბისას უცხოური ვალუტის ბაზრიდან ამოღებით ხორციელდება და არა მხოლოდ საგარეო ვაჭრობის მხარდასაჭერად. წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, რაც გაზრდის მომსახურების ექსპორტს, ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და გამყარებას უნდა ველოდოთ. მსოფლიო ბანკის ბოლო გადაწყვეტილებაც მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა თუ საპროტესტო გამოსვლებისა, გაზარდოს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.2 -% მდე, წინა საპროგნოზო 4.8 %-ის ნაცვლად, რაც ასევე არის ზრდის შედარებით კონსერვატორული პროგნოზი, ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობაზე მიუთითებს და მთლიანად აცლის ნიადაგს ქართული ოპოზიციის სპეკულაციებს ეკონომიკის ჩამოშლის სცენარებზე.” – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,848,391 ნახვა