ნატოს საიუბილეო სამიტზე საქართველოს მიწვევა მნიშვნელოვანი გზავნილია ნატოს მხრიდან, რაც არის დასტური იმისა, რომ ნატო საქართველოს განიხილავს როგორც ღირსეულ პარტნიორ ქვეყანას, წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან სამიტში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი გახლავთ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა და ამ ფორმატში მას ექნება შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გააცნოს ქვეყნის პოზიცია რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებაში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
ვაშინგტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. პარტნიორი ქვეყნების ფორმატით დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.