GD Banner
პოლიტიკა

დაფუძნდა მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ დააფუძნეს. მოძრაობის დამფუძნებლების თქმით, 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში და ქართულ ემიგრაციაში დაიწყება კამპანია – „100 დღე გამარჯვებამდე“.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ევროპისკენ გზა გაყინა და ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია.

„მივესალმები ამ ინიციატივის ორგანიზატორებს, რაც აუცილებელი იყო. „ავირჩიოთ ევროპა“ – მგონი, უკვე ავირჩიეთ ევროპა და ავირჩიეთ დიდი ხანია. საქართველო ყველა თავისი ისტორიის მთავარ მონაკვეთზე ირჩევს და ირჩევს განვითარების, თავისუფლების, დემოკრატიის გზას. ეს არის ევროპული გზა და ევროპული ღირებულებები, რაც არის, პირველ რიგში, ქართული ღირებულებები. ამიტომ ესოდენ გვიადვილდება, რომ ევროპისკენ ვიაროთ. ვიაროთ ვთქვი, მაგრამ დღეს ეს გზა გაიყინა. გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, ამით უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიისა, რომელმაც ჯერ „ოცნება“ მოიყვანა სათავეში, შემდეგ მე კანდიდატი ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ყველა ეს კამპანია, ჩვენი საგარეო კურსი, ქვეყნის განვითარება მიმართული იყო სწორედ იმისკენ, რომ გვეჩვენებინა ევროპული სახელმწიფო. გადაუხვიეს ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს. დღეს რაც ხდება ნატო-ში, ნატო-ს სამიტზე, განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, ასი დღე. ასი დღე ცოტაც არის და ბევრია იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის ბედი გადაწყდება.

„დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თორემ მე, როგორც პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი. ეს არის ქვეყნის ბედის არჩევანი. ეს არის ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმში, ერთი მხრივ, არის საქართველოს საზოგადოება, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს გაუკეთა უზურპაცია. არ შეიძლება, ამაზე დავთანხმდეთ, საჭიროა, გავერთიანდეთ, შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, ან თუ არ მოაწერა ჯერ, ამბობენ, რომ ეთანხმებიან. ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების შემდეგ, რათა შევასრულოთ, რაც იქ წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ ჩვენს პარტნიორებს და ისინი დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს ნახევრად მიხურულია. ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა. სხვა გზა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ერთიანი და საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე წაიკითხეს მანიფესტი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:

„მე, საქართველოს მოქალაქეს, მსურს, ვიცხოვრო თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში. ვიცი, რომ ჩემი ოჯახის და მთლიანად ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია, საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ამით ყველას მოგვეცემა მშვიდობიანი განვითარებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა ისე, რომ განვამტკიცოთ ჩვენი თვითმყოფადობა, რწმენა, ენა, კულტურა და ტრადიციები. ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ დიდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში შესაძლებელი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება. საქართველოს ევროპული გზით განვითარება ნიშნავს რეალურ შესაძლებლობას, ვიცხოვრო კეთილდღეობაში, უკან მოვიტოვო სიღარიბე, ვიყო დაცული და მქონდეს სამართლიანობის იმედი. ვიაზრებ იმას, რომ თუ ახლა ვერ გამოვიყენებთ ამ ისტორიულ შანსს, შესაძლებელია, ჩვენმა ქვეყანამ კვლავ მრავალი ათეული წლით დაკარგოს მშვიდობიანი განვითარებისა და კეთილდღეობის ევროპული პერსპექტივა. და მიმაჩნია, რომ იგივე აზრისაა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ფიქრითა და ოცნებით საქართველო საკუთარ ისტორიულ არჩევანს რეალობად ვერ აქცევს, საჭიროა თითოეული ჩვენგანის აქტიური მოქმედება ევროპული მომავლის გადასარჩენად და ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარების შეუქცევად გზაზე დასაბრუნებლად. 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის, ყველაზე ფასეული შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა ახალგაზრდული საპროტესტო ტალღის მხარდაჭერა, არჩევნებში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა და ნებისმიერი ხელის შემშლელი გარემოების მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა და ევროპული არჩევანის გაკეთება. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მე საქართველოს ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე შემდეგ პირობას ვდებ: აუცილებლად წავალ არჩევნებზე, ხმას მივცემ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არა მოსაჩვენებლად, არამედ რეალურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამავისკენ მოვუწოდებ ჩემს ყველა თანამოქალაქეს, ვისთვისაც ხმის მიწვდენას შევძლებ. პატივს ვცემ და დავიცავ სიმართლეს, რომ გაიმარჯვოს ხალხის ნებამ. წადი არჩევნებზე, აირჩიე ევროპა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა