უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, “დროას” წევრის, ნათია ლეთოდიანის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლეთოდიანი ცნობილი აქტივისტი და ზიზღის გამავრცელებელია, რომელმაც ელენე ხოშტარიასგან იცოდა, რომ წილოსანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრაზე იქნებოდა და მიზანმიმართულად დახვდა მას.
“უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“ არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად?! ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი. ის გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, იცოდა თავისი ბელადი ლაკასგან, რომ ამ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც, რომ მიზანმიმართულად მომივარდა. სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს. ისე, აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება.” – წერს ნინო წილოსანი.