პოლიტიკა

„ხალხის ძალა“ – აქაური აგენტების უცხოელ პატრონებს ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, მაგრამ ჩვენი ხალხი ამჯერად საბოლოოდ, გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას

აქაური აგენტების უცხოელ პატრონებს ერთი რამ ეშლებათ, მათ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე და ფიქრობენ, რომ მსგავსი პოლიტიკური შარლატანობით გავლენ ფონს, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ, გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას.

„სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში არცთუ სახარბიელო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა, ახლადშექმნილმა „ტელევიზიამ“ გახსნიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკური „ექსკლუზივებით“ დაიწყო არარსებული მაყურებლის განებივრება, რამაც ნათლად დაადასტურა ამ დროებითი არხის შექმნის და ამუშავების მიზანი: საქართველოში მოქმედი აგენტების პატრონებმა გადაწყვიტეს, ბაზარზე დროებით ახალი, თითქოსდა რეპუტაციაშეულახავი, უფრო სწორად კი, რეპუტაციაარარსებული პლატფორმა შექმნან, რათა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კონფიგურაციების გატესტვა და მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების საზოგადოებამდე მიტანა მოახერხონ. ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მოქმედ რადიკალურ ოპოზიციურ არხებს იმდენად აქვთ სახელი გაფუჭებული, რომ მათგან წლების მანძილზე სიცრუის ნიაღვარში ნაცხოვრები საზოგადოება არანაირ ახალ ამბავს ან პოლიტიკურ ექსკლუზივს სერიოზულად არ იღებს.

რაც შეეხება შალელაშვილს და, განსაკუთრებით, მის ოჯახს, მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ იმის დასადასტურებლად, რომ მათაც იგივე პატრონები მართავენ, ვინც „ენჯეოებისა“ და პოლიტიკური პარტიების სახელს ამოფარებულ აქაურ წვრილფეხა აგენტურას. 2015 წელს, შოთა შალელაშვილის ვაჟი, გარი შალონი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და მას ბრალი დასდეს საუკუნის თაღლითობაში, JP MORGAN-ის მონაცემთა ბაზების გატეხვასა და მილიარდობით დოლარის მითვისების სქემის აწყობაში. ბრალდება ასზე მეტი წლით პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა მოულოდნელად უმცროსმა შალელაშვილმა ციხე დატოვა, რის შემდეგაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მას სპეციალური ტერმინი, Star Cooperator-ი, ანუ ვარსკვლავური მოწმე უწოდეს. სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებს დღემდე საერთაშორისო მედია შოთა შალელაშვილის ვაჟს.

სწორედ ამ ხალხის მიერ გახსნილმა ტელევიზიამ დღეს საზოგადოებას „ექსკლუზიურად“ აცნობა, რომ იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, თავდაპირველად რამდენიმე პირი – ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და თავად ტელევიზიის პატრონი, შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან. ადვილად იშიფრება, რისთვის დასჭირდათ ზურაბიშვილის შემოყვანა ამ ახალ სქემაში აგენტურის პატრონებს: ცხადია, რომ არც ეკა ბესელიას, არც თამარ ჩუგოშვილს და, მით უმეტეს, არც შოთა შალელაშვილს პოლიტიკაში სერიოზულად არავინ აღიქვამს. სწორედ ამიტომ მოიფიქრეს, რომ ეს სასაცილო გაერთიანება პრეზიდენტის ინსტიტუტით გაამყარონ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ქართული საზოგადოების თვალში ბოლომდე დისკრედიტირებულია, ფორმალურად ის მაინც პრეზიდენტია და ამ ინსტიტუტის ირგვლივ ან მისი მფარველობის ქვეშ არსებული გაერთიანება გარკვეულ ლეგიტიმაციას მაინც იძენს.

მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცის და, მათ შორის, აგენტურის პატრონებმაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გვარების პოლიტიკური ერთობა ქართველი ხალხის თვალში ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. შესაბამისად, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა მიზანი აქვთ ადგილზე მოქმედი წვრილფეხა აგენტურის პატრონებს, რატომ დახარჯეს დრო, ენერგია და რესურსი ამ არაფრისმომცემი გაერთიანების დასალაგებლად? სწორედ აქ მივადექით მთავარ სათქმელს – მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. სწორედ ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ“ საერთო ენას, ხოლო ბესელია, შალელაშვილი და ჩუგოშვილი მათზე აფარებული ლეღვის ფოთლები იქნებიან.

შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა: თუ აგენტურა ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებს, რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური სპექტაკლების დადგმა, რატომ არ გააერთიანეს ეს ორი ძალა პირდაპირ, ყოველგვარი პოლიტიკური სპექტაკლების გარეშე?

პასუხი მარტივია: გახარიას და ხაზარაძეს იმდენი აქვთ ერთმანეთი ნაგინები და საზოგადოების თვალში ამ ორი ძალის ერთად ყოფნა იმდენად შეუთავსებელი ჩანს, რომ მათი პირდაპირ, უხეში ფორმით გაერთიანება უაღრესად არასერიოზულად იქნება აღქმული საზოგადოებაში. შესაბამისად, ასეთი გაერთიანება იმდენად დააზიანებს მათ ისედაც შელახულ იმიჯს, რომ იმ მინიმალურ პროცენტებსაც დაკარგავენ, რაც ახლა აქვთ. ყველასთვის ცხადია, რომ როცა ერთიანდებიან ადამიანები, ვინც გუშინ ერთმანეთს დედას აგინებდნენ, ერთმანეთს უცხო ქვეყნის (რუსეთის) აგენტებსა და თაღლითებს უწოდებდნენ, ცხადი ხდება, რომ ასეთი გაერთიანების შექმნა ერთადერთ ძალას – მათი პატრონების დავალებას შეეძლო. ამგვარი ხელოვნური ერთობა მთლიანად ხსნის ნიღაბს მთელ პროცესს და ააშკარავებს, რომ პროცესის მონაწილეები პირდაპირ უხეში დავალებების შესრულებით არიან დაკავებულნი. ეს გარემოება კი არა მხოლოდ მათ, არამედ მათ პატრონებსაც აზიანებს. მხოლოდ მშრალი ფაქტებით გაგახსენებთ, რას ამბობდნენ ერთმანეთზე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე: 2019 წლის 6 მარტი: გახარიას თქმით, ხაზარაძე ჭორიკანა ადამიანია; 2021 წლის 9 ივნისი: ხაზარაძის თქმით, გახარია მატყუარა ადამიანია და ყველა სიტყვას იტყუება; 2021 წლის 13 მაისი: ხაზარაძის თქმით, გახარია ანტისახელმწიფოებრივი კაცია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას; 2021 წლის 14 სექტემბერი: ხაზარაძის თქმით, გახარია არის მშიშარა და თვალთმაქცი კაცუნა; 2020 წლის 12 სექტემბერი: გახარიას თქმით, ხაზარაძე თაღლითია და მან ქართველი ხალხი გაძარცვა.

არქივი კიდევ უამრავ მაგალითს ინახავს, თუ როგორ ლანძღავდნენ ერთმანეთს გახარია და ხაზარაძე და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, ამიტომ მათი გაერთიანება თუნდაც მცირე სინერგიის მომტანი რომ იყოს, პატრონებმა სწორედ ზემოთ აღნიშნული სქემა მოუფიქრეს. ჯერ სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ ბესელია-შალელაშვილი-ჩუგოშვილის ლეღვის ფოთოლთა პლატფორმას შექმნიან, ხოლო შემდეგ გახარიას და ხაზარაძეს ფრთხილად შეუერთებენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკური დანაკარგი განიცადონ და ამ საფარქვეშ საზოგადოებისთვის უფრო ბუნებრივი გახადონ შეუთავსებელთა ერთიანობა. ამ ფანდების მიუხედავად, აქაური აგენტების უცხოელ პატრონებს ერთი რამ ეშლებათ – მათ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე და ფიქრობენ, რომ მსგავსი პოლიტიკური შარლატანობით გავლენ ფონს, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,215 ნახვა