GD Banner
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული პირობა შესრულდა – დღეს ბევრად მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო  კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, ადგილობრივებს ხელი ააღებინა საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან

მიუხედავად ბევრჯერ თავს დამტყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად, ხელუხლებლად  შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

მისი თქმით, ქართველების სიძლიერე მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხია და სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც.

„შეუძლებელია კავკასიონის ამაყად მდგარ თვალუწვდენელ მწვერვალებს უცქერდე და არ გაღელვებდეს იმაზე ფიქრი, ღმერთისგან ნაბოძები ეს საჩუქარი რამდენი ჭირისა და ლხინის, საგმირო ისტორიის მომსწრე ყოფილა. 

ქართველების ერთ-ერთი სიძლიერეც ხომ სწორედ ეს არის – მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული ხალხი, რომელიც ამავდროულად იმდენად მრავალფეროვანია, რომ რაჭულ სიდინჯესა და შრომისმოყვარეობას, სვანურ სიმამაცესა და სამართლიანობას, ლეჩხუმურ სტუმართმოყვარეობას და მიზანდასახულობას, სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უამრავ ლამაზ ტრადიციას იტევს. სწორედ საკუთარი კუთხის სიყვარულმა და თავგანწირვის უნარმა შემოგვინახა რაჭაც, ლეჩხუმიცა და სვანეთიც, ჩვენ კი არ გვაქვს უფლება წინაპრების დაწყებული საქმე არ გავაგრძელოთ, არ მოვუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათ დანატოვარზე“,  –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული პირობა შესრულდა და 2012 წელთან შედარებით დღეს ბევრად მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო  ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, ადგილობრივებს ხელი ააღებინა საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან.

„როდესაც 12 წლის წინ, 2012 წლის 27 აგვისტოს აქ, ამ ადგილზე პირველად შეგხვდით, იმ პრობლემებსა და გაუსაძლის პირობებზე ვსაუბრობდით, რომელიც წინა ხელისუფლების დანაშაულებრივმა პოლიტიკამ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეუქმნა. ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, როგორ იფლანგებოდა ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც აქაურობას გააჩნია. სამკურნალო წყლებით, უნიკალური ჯიშის მცენარეებით, მსოფლიოში გამორჩეული ვაზის ჯიშებით განთქმული და მდიდარი კუთხეები, უდიდესი ტურისტული პოტენციალის მატარებელი მხარეები როგორ ნადგურდებოდა, აქაურობას როგორ იყენებდა პირადი სარგებლისა და ინტერესებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ვიწრო ჯგუფი, მოსახლეობას კი ერთადერთ გამოსავლად საკუთარი სახლ-კარის, მიწის დატოვება და სხვაგან გადასახლება ესახებოდა. 

მე მაშინ დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება აქაურობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა, საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებდა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსსა და მისგან მიღებულ შეღავათებს, მოაწესრიგებდა ინფრასტრუქტურას, შიდა თუ მაგისტრალურ გზებს და განსაკუთრებით შეუწყობდა ხელს იმ ინვესტორებს, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განვითარებაში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამდნენ. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, 2012 წელთან შედარებით დღეს რამდენჯერ მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, რამდენ ადგილობრივს ააღებინა ხელი საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან. როგორ მოწესრიგდა, რა მნიშვნელობისა და რაოდენობის გზა გაკეთდა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი არსებული ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ათვისებას.

საკუთარი თვალით ხედავთ, რომ მიტოვებულმა სოფლებმა და დაბებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, გაჩნდა შესაძლებლობა, გამორჩეული კურორტები ყველანაირი თანამედროვე სტანდარტის დაცვით ისე გაშენდეს, რომ ადგილობრივ უნიკალურ ეკოსისტემას არანაირი პრობლემა არ შეექმნას. 12 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით დღეს ბევრად დიდი ფასი აქვს მსოფლიოში აღიარებულ ხვანჭკარას, უნიკალურ მუჯურეთულსა თუ ალექსანდროულს და მათგან დამზადებულ ღვინოს. ეს დიდწილად სწორედ იმ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებისა და ჩვენი სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომლებმაც, პირველ რიგში, ადგილობრივების კეთილდღეობის ზრდა განაპირობეს“, –  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა