პოლიტიკა

გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევებზე დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.

„დღევანდელი ბრიფინგით გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ.

დავიწყოთ არჩევნებში უცხოური ჩარევის საკითხით.

ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები და ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის განხორციელების მიზნით. ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.

16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.

16 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მისი მხრიდან მმართველის გუნდის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.

ამ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობისა და მუქარის შემდეგი ფაქტი.

16 სექტემბერს მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება.

რაც შეეხება არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას:

არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურად არის ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან ოპოზიციურ მედია სივრცეში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიკორუფციულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა ა(ა)იპ „აირჩიე ევროპის“, როგორც გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე პირის და მისი დამფუძნებლებისგან ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვა ამავე ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორგანიზაციებმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, ნაცვლად ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ არადეკლარირებულ პოლიტიკურ აქტივობებზე რეაგირებისა, ანტიკორუფციული ბიუროს საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს.

იმის აღსაქმელად, თუ რამდენად ნეიტრალური და მიუკერძოებელია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, გვსურს საზოგადოებას გაგაცნოთ ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ შემოწირულობებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ.

კერძოდ:
• ივანე ჭყონია – 2021 წელს 1000 ლარი შესწირა პარტია „დროას“;
• გიორგი რუხაძე – 2015 წელს 4920 ლარი შესწირა „ქრისტიან-დემოკრატიულ“ პარტიას;
• სოფიკო ჭყონია – 2022 წელს 500 ლარი შესწირა პარტია „დროას“;
• გიორგი პაპელიშვილი – 2016 წელს 501 ლარი შესწირა პაატა ბურჭულაძის პარტიას;
• გიორგი თაქთაქიშვილი – 2017 წელს 3115 ლარი შესწირა „ეროვნულ ფორუმს“;
• ნიკოლოზ შურღაია – 2020-2021 წლებში 35000 ლარი შესწირა პარტია „ლელოს“.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას

16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ისინი ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ნეგატიური კამპანიის ჭრილში-

მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება. ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც უარყო.

სარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის არაერთი ფაქტი გამოვლინდა:

14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. აღნიშნული შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.

14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა.

ტელევიზიებმა „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეო-რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდგომ ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველი“ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.

მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (მთავარს, ტვ პირველსა და ფორმულას) მოქმედება, რომელთაც უნდა გაეშვა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები ჯამში 787-ჯერ, მაგრამ არცერთხელ არ გაუშვეს, მაშინ როდესაც ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კუმინაკიცების კომისიას.

საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობაც გამოვლინდა ამ პერიოდში.
წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის რამდენიმე ფაქტი.

კერძოდ:

• საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი“, რომელიც 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ „ქცევის კოდექსის“ პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა. საბოლოოდ, პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან „ქცევის კოდექსს“ მხოლოდ და მხოლოდ ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი (ხელმოწერისთვის დადგენილი ვადა 13 სექტემბერს ამოიწურა). ცესკოს ცნობით, ხელმომწერი ექვსი პარტიაა: „ქართული ოცნება“, „შეცვალე საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „მესამე გზა“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. არცერთმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

• 14 სექტემბერს ოპოზიციურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნულ წევრებს ხელი შეეშალათ დაკვირვებოდნენ ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების პროცესს. ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს შესაძლებლობას აძლევს დააკვირდნენ აღნიშნულ ტრენინგებს, მათი მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის გარეშე. აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობს კიდეც მათი დიდი ნაწილი. ზემოხსენებულ შემთხვევაში, მითითებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს მცდელობა ჰქონდათ ხელი შეეშალათ ტრენინგების მიმდინარეობისთვის, შემდგომ საკითხის ისე წარმოსაჩენად, თითქოს მათ არ მიეცათ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.

• 18 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ბრიფინგით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას, მედიასაშუალებებით გავრცელდა ურთიერთსაწინააღმდეგო, არასწორი და კანონთან შეუსაბამო ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენების შევსების წესის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმების დათვლის წესთან დაკავშირებით. კერძოდ, „ტვ პირველის“ ეთერში, 5 სექტემბერს, სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, მან პირდაპირ მოუწოდა ამომრჩევლებს, გააფერადონ საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული ერთი წრე, შემდეგ ის გადახაზონ და გააფერადონ სხვა წრე და „დააიმედა“ ამომრჩევლები, რომ ხელით გადათვლისას, საარჩევნო ადმინისტრაცია იძულებული იქნება ასეთი საარჩევნო ბიულეტენები ჩათვალოს ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ აპარატი მას ბათილად მიიჩნევს. ამავე კონტექსტში, იმგვარად მოიხსენია ხმის მიცემის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენების ფოტოგადაღების შესაძლებლობა, თითქოს ეს დაშვებული იყოს კანონით. ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 15 სექტემბერს გავრცელდა ზემოხსენებული ორგანიზაციის იმავე წარმომადგენლის მიერ სხვა განცხადება, რომელიც გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია 5 სექტემბერს გაკეთებულ და წარმოდგენილ ინფორმაციასთან მიმართებაში, მაგრამ ამავდროულად, კვლავ კანონსაწინააღმდეგო და მანიპულაციურია. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი საუბრობს, რომ ფოტოვიდეოგადაღება არის აკრძალული, მაგრამ შეფასებებში ის მაინც უშვებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტოვიდეოგადაღების შესაძლებლობას. ყოველივე ეს ემსახურება გარკვეული ქაოტური სიტუაციის შექმნას, რადგან კანონშეუსაბამო და დეზინფორმაციულმა საინფორმაციო კამპანიამ, შესაძლოა გამოიწვიოს ამომრჩევლის დაბნევა და იმგვარი ნეგატიური შედეგი, რომელმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას არჩევნების მთლიანობას.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მიერ კონკრეტული დარღვევების არაერთხელ საჯაროდ და სისტემატიურად გაჟღერების მიუხედავად, ამ დრომდე, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს როგორიცაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „გამჭვირვალობა საქართველო“, არც წინა და არც ამ ბრიფინგში გაჟღერებული არცერთი ფაქტი თავის ანგარიშში არ აუსახავთ და ელემენტარული განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ, რაც ცალსახად ადასტურებს მათ მიკერძოებასა და კონკრეტული მხარის სასარგებლოდ პოზიციონირებას.

აქვე გაცნობებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე აიტვირთა დაპირებული ანგარიში, რომელიც ასახავს ჩვენს მიერ გამოვლენილ დარღვევებს 1 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,805 ნახვა