Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ – კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი

საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებს, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით გადაყენებას შეძლებს.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წელს ისედაც ეწურება, ამიტომ, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვინაიდან, არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცება. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,825 ნახვა