პოლიტიკა

კახა კალაძე: გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის, მცდელობა აქვთ, საზოგადოებას აჩვენონ, რომ „ნაცმოძრაობა“ კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ არის ახალი პარტიები – გვარამია, ხაზარაძე, გახარია

ჩვენ არ ვიქნებით სწორი და მართალი, თუ არ შევაფასებთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, თუ არ გავაკეთებთ სწორ ანალიზს. ვინც არის ქვეყნის შიგნით, ეს წვრილფეხა რადიკალები, ე.წ. პოლიტიკოსები – მაგათზე არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ აზრი არ მოეკითხება არც ერთს. მინდა, მაგათ პატრონებზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა: გულწრფელად ვიტყვი, რომ სერიოზული შედეგი დადეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი განმარტებით, გარე ძალებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა მაქსიმალურად ქვემოთ დაეწიათ და შედეგიც მიიღეს, ვინაიდან, ამ პარტიის ხმები სხვა პარტიებს გადაუნაწილეს. ამის მიუხედავად, კალაძის განცხადებით, თუ პიროვნულ დონეზე დავალთ, ამ პარტიებშიც, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებულ რადიკალებს აღმოვაჩენთ.

„თუ გავაკეთებთ ანალიზს, რა გააკეთეს მაგათ ამ არჩევნებზე, იცით, რომ მეორე პოლიტიკური პარტია, ანუ პირველი ოპოზიციური პარტია, იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც „ქართული ოცნების“ შემდეგ იღებდა ყველაზე მეტ ხმას, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, თუმცა, ამავე დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდებოდა კრიმინალთან, ბოროტებასთან, სიძულვილთან. თუკი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, ბოროტება ჩაიდინოს – ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და ვიცით ვისგან შედგებოდა ეს კონკრეტული პარტია, რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. შესაბამისად, ამ ყველაფერთან იყვნენ ასოცირებული. პატრონებმა დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად ქვემოთ დაეწიათ და შედეგიც მიიღეს – „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხმები გადაუნაწილეს სხვა დანარჩენ პარტიებს.

გვარამიას პარტია „ახლებმა“ მიიღეს ყველაზე მეტი ხმა, სერიოზულად იმუშავეს ამ მიმართულებით, თუმცა, ინდივიდუალურად, პიროვნებების დონეზე თუ დავალთ, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული კრიმინალი რადიკალები არიან, ვინ იყო გვარამია? პროკურორი იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის და გვარამიას გვარს რომ ახსენებ, ასოცირდება ყველანაირ სიბინძურესთან და ბოროტებასთან, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს, რასაც აკეთებდა, თუნდაც, როდესაც პროკურორი იყო თავისი განცხადებებით.“ – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ბირთვი გადანაწილდა და ხმები გვარამიამ, ხაზარაძემ და გახარიამ გაიყვეს, შესაბამისად, უცხოელ პატრონებს აქვთ მცდელობა, 2028 წლის არჩევნებისთვის სამი ახალი პარტია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელ და ახალ ძალად წარმოაჩინონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ის ძირითადი ბირთვი გადანაწილდა გვარამია, შემდეგ ხაზარაძე, შემდეგ გახარია – გაყვეს ეს ხმები, ანუ მცდელობა აქვთ იმისა, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები – გვარამია არის, ხაზარაძე არის, გახარია არის. მაგრამ, თუ გავყვებით ინდივიდუალურად, ვნახავთ რომ ყველას შესაბამისი ფუნქცია ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. როდესაც ჩვენ ვაფასებთ მტერს, მნიშვნელოვანია, სწორი ანალიზი გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გარე ძალებმა, ვინც დღეს მტრობს ჩვენს ქვეყანას, ძალიან მაგრად იმუშავეს, რაც გააკეთეს ამ ოპოზიციით და რეალურად, მზადება მიმდინარეობს 2028 წლისთვის. მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ არჩევნებზე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მცდელობა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ რომ კი, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არის ახალი პარტიები- გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, მაგრამ ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ რომ გავყვეთ, ვინ არიან ამ პარტიის წევრები? – იმ ბოროტების მანქანის დროს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, გვარამიას, ხაზარაძეს, მელიას – ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა. აი, ამ მოცემულობის წინაშე ვართ დღეს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,912,825 ნახვა