ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ადასტურებს იმ პირებთან საუბარს, რომლებიც გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ, თუმცა ამბობს, რომ საუბრის თარგმანი დამახინჯებულია.
როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რუსეთის არხზე გასული სიუჟეტი არის დამონტაჟებული, ორიგინალში კი აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. მისივე თქმით, ყველაფერი ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა.
„საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია მარტივად იმეორებენ რუსულ პროპაგანდას, რუსული ტელევიზიის ნარატივს. ოკუპანტის მთავარი არხი ავრცელებს დამონტაჟებულ მასალას და არავის გასჩენია კითხვა, იქნებ ეს არის მონტაჟი? და ეს არ გიჩენთ კითხვას, რატომ არ გასჩენია არავის ეს კითხვა? ვინმემ ჩემი ხმა მოისმინა? თუ მხოლოდ რუს პროპაგანდისტებს ვუსმენთ და არა იმ თარგმანს, რომელიც არის ვითომ თარგმანი. სამწუხაროა, რომ ქართული პროპაგანდისტული მედია ასევე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გუშინ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი პირების კომენტარებიც ვნახე, რომლებიც ფაქტის გადამოწმების გარეშე იმეორებენ ამ მესიჯებს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია, ნათელია, თუ ვინ არის კრემლის დასაყრდენი საქართველოში, ხელისუფლებაში ვინ ტირაჟირებს კრემლის მეისჯებს და პროპაგანდას.
„სამწუხაროა, რომ ერთ ნარატივს ავითარებენ კრემლი, მისი მთავარი არხი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები. ათწლეულებია, ვსაუბრობ იმ უფლებების დარღვევაზე, რომლებიც ქვეყანაში ხდებოდა და ხდება. ამ პრობლემებზე ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობ. ადრეც და ახლაც ვისაუბრებთ იმ დარღვევებზე, რომელსაც აქვს ადგილი საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ნოემბრიდან დაწყებული რეპრესიების ტალღაზე, ადამიანთა დარბევაზე, ე.წ. ტიტუშკების გამოყენებაზე პოლიციასთან ერთად. ამ არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც ასევე არის კრემლის მეთოდი და რასაც იყენებს „ქართული ოცნება““, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რუსი პრანკერების მახეში გაებნენ. პრანკერები მათ გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ და დაფინანსება შესთავაზეს. ზურაბიშვილმა და ნანუაშვილმა დაუფარავად ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოში, ქუჩის პროტესტები სწორედ უცხოელი დონორების დაფინანსებით ხდება. პრანკერის თქმით, საუბრის შემდეგ უჩა ნანუაშვილი აშშ-შიც კი ჩავიდა და გარი კასპაროვთან შეხვედრას და სხვადასხვა პროექტების წარდგენას ცდილობდა დასაფინანსებლად.