პოლიციელი გრიგოლ ბესელია, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე მოწმის სახით წარსდგა, აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი დგებუაძისთვის სილის გაწვნამდე განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. სამართალდამცველის თქმით, ისეთი წინაპირობა იყო, რომ “რაღაც უნდა მომხდარიყო”, თუმცა დანაშაულის აღკვეთა დროულად ვერ მოახერხა.
„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მითუმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს, რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ….
დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა, რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები. სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა, – თქვა პროცესზე ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე დღეს აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხებიან.