პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო, შევიდოდნენ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია

მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში, სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, როდესაც მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე საუბრობდა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არ გამოუვიდათ.

„ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ? ეს მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში, სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა, ეს არ გამოვიდა საქართველოში და ამიტომ ამ გეგმას მოგონილი დაარქვეს. კი მაგრამ, არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში?

აბა გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია. სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახმარებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის. ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. გულწრფელი მოქალაქეები დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი. ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა