ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:
„იცით, რა მაინტერესებს? ჯერ ისეთი იარაღი არ გამოუგონიათ, რომ ავაფეთქოთ, დედამიწა ღერძიდან მოვწყვიტოთ, კოსმოსში გავქანდ-გამოვქანდეთ და ერთი ხოშიანად ვიკატაოთ?!
არა? ჯერ ეგეთი იარაღი არ გამოუგონიათ, ხო? მაშინ დასცხეთ ერთმანეთს, ამისთვის ალბათ პრაქტიკაა საჭირო!
და იცით, კიდე რა მაინტერესებს?
წამდაუწუმ რომ ჩამძახით, სამყარო ცივილიზებული გახდა და ევროპიული ღირებულებები თუ ფასეულებები უნდა შევისისხლხორცოთო, ხომ არ მატყუებთ? ნეტავ ამ ე.წ. ცივილიზებულ სამყარომდე ოდნავ მაინც დავიდა აზრი, რომ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვა როდისმე უნდა დამთავრდეს? ნეტავ ადამიანის გონება როდისმე მიხვდება, რომ დედამიწა საერთო სახლია და მოფრთხილება სჭირდება? რომ ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე უფლის ნებით და მისი განადგურება დაუშვებელია?!
აბა, რანაირად გახდა სამყარო ცივილიზებული? რა, პირველყოფილები და მეორედყოფილები უფრო კარგად ჟლეტდნენ ერთმანეთს? არა მგონია! ცივილიზაცია გამოიხატება იმაში, რომ ერთმანეთის ხოცვის იარაღი დავხვეწეთ!
სად იყო და არის ევროპიული ფასეულობები? როდის იყო – როცა გამარჯვებული გერმანული ტომები დამარცხებულ ტომებს ყვერებს აჭრიდნენ და უმად ჭამდნენ? იქნებ შემდეგ იყო, როცა ცეცხლით, მახვილით, ჯვრითა და იესოს სახელით ერთმანეთს თავები დააყრევინეს? კოცონზე დაწვის ,,ცერემონია” გახსოვთ? გილიოტინა გახსოვთ? პირველი და მეორე მსოფლიო ომები გახსოვთ? დიახ, გახსოვთ, მაგას რა დაგავიწყებთ? ჰოდა, მითხარით, სად არი ეს ევროპიული თუ აშუშუური ფასეულობები და ღირებულებები?
,,არალი”!
ფაფუ… ,,არალი”-მეთქი!

ბოლო დღეებში ხშირად მესმის – არიქა, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართო.
რა? რა მესამე? რანაირად ითვლით? როდისმე დედამიწაზე მშვიდობა ყოფილა? მესამე კი არა, მეასე ომის ზღვარია, მეათასეა… რა, მილიონობით ინდიელი რომ გაჟლიტეს, ის ომი არ იყო? ხიროსიმაში და ნაგასაკში რაც ქნეს, ეგ ცალკე ომი არ იყო?
ვერ გავიგე, ადამიანებმა დედამიწაზე სულ შიშსა და ვაებაში რატომ უნდა იცხოვრონ? რით ვეღარ გავიყავით ეს ტერიტორიები? რით ვეღარ გაძღა ამ იმპერიების მუცელი? ზემოდან რომ დავხედოთ, მილიონობით კვადრატული კილომეტრი აქვთ ასათვისებელი და ალბათ ისე გადაშენდებიან, ვერც ვერასდროს აითვისებენ. დამანებე რა თავი, შე ჩემა, ისედაც ცულის ტარზე ვცხოვრობ და კიდე მართმევ? შემეშვი, წადი, გაიარე, რას მერჩი, რატომ უნდა ვიარო შენს ჭკუაზე? გინდა ამერიკელი იყავ, გინდა – ფრანგი, გინდა – გერმანელი, გინდა – რუსი, გინდა – თურქი!
სიტყვა გამექცა, ამდენს არ ვაპირებდი. ვისაც ომი გინდათ, ,,პაჟალუსტა”, არჩევანი დიდია, მიბრძანდით და იომეთ. გუშინ გამოაცხადეს, უკრაინაში კიდე ერთი ქართველი დაიღუპაო. ჯერ ერთი, იქ ვინმე რატომ უნდა დაიღუპოს და მეორეც – რატომ ქართველი? რისთვის? ვისთვის? ეგ გმირია უკვეო. რა გმირი? ვინმემ სახელი და გვარი მაინც იცის? უკრაინაში ასეულობით ქართველი რომ დაიღუპა, რომელიმეს სახელი და გვარი იცით? არა მგონია!
მოკლედ, ალბათ მალე დადგება დრო, როცა დედამიწას თავისი ღერძიდან გადააგდებენ და ჰაეეეეეეე, მერე ერთი კარგად ვიკატავებთ.
არ გინდათ კატაობა? თქვენ ვინ გეკითხებათ?!