დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაია ბითაძის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.
„ჩემთვის პატივია, ვისაუბრო საქართველოს სახელით – ქვეყნისა, რომელსაც ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. იმ დროს, როდესაც ომი ცვლის ჩვენს რეგიონს – უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე – საქართველო წარმოადგენს ზეწოლის ქვეშ მშვიდობის შენარჩუნების იშვიათ მაგალითს. ჩვენ არ ვართ თავისუფალნი საფრთხეებისგან, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად, ინსტიტუტები პოპულიზმის ნაცვლად და გრძელვადიანი ხედვა მოკლევადიანი პროვოკაციის ნაცვლად.
მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ არის ეუთო მნიშვნელოვანი და მისი როლისთვის ძირის გამოთხრა – პოლიტიზირებული დაკვირვების ან შერჩევითი კრიტიკის გზით – არა მხოლოდ უსამართლოა საქართველოს მიმართ, არამედ ეს გამოწვევას უქმნის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს“, – აღნიშნა ბითაძემ.
მისივე თქმით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ ძირითადად დადებითი შეფასების მიუხედავად, საქართველოში ახალი არჩევნებისკენ მოწოდება ძირს უთხრის თავად ეუთო-ს სანდოობას.
„ასეთი განცხადებები იმეორებს რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომლებიც უარყოფილია ქართველი ხალხის მიერ და ქმნის ეუთო-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის პოლიტიზირების რისკს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთო-ს მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვისგან.
ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს გაკრიტიკების მცდელობები იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად. ის, რასაც კანადაში, შვედეთში ან დიდ ბრიტანეთში დანაშაულს უწოდებენ, არ შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტები – ეს არის სუფთა ცინიზმი. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს საზოგადოების ნდობას გლობალური პარტნიორობის მიმართ.
დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში — მათ შორის ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში — არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ეს საფრთხეს უქმნის ორივეს. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.