ძალიან, უკიდურესად სამწუხაროა, „ლელომ“ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ბოკუჩავას შეფასებით, დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი, ოქტომბერში კი ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.
„ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი – ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი. არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.
არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს „ლელოს“ ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.
დღეს ვიხილეთ „ლელოს“ მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, – წერს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.