უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
ამის შესახებ უკრაინის მედია ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ჩხრეკა, სავარაუდოდ, არმიისთვის საკვები პროდუქტების გაზრდილ ფასებში შეძენის საქმის ფარგლებში ჩატარდა, თუმცა აპრილში ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმ დროს ეჭვმიტანილი არ იყო.
უკრაინული მედიის თანახმად, ალექსეი რეზნიკოვი ჩხრეკის შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული. დეტექტივებმა ამოიღეს „უცნობი“ ტელეფონი და არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
ალექსეი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი 2021 წლის 4 ნოემბერს გახდა. 2023 წლის 4 სექტემბერს მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი წარუდგინა უმაღლეს რადას. 5 სექტემბერს რადამ რეზნიკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მის გადადგომამდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესყიდვებთან დაკავშირებით არაერთი სკანდალი მოხდა. კერძოდ, 2023 წლის იანვარში რეზნიკოვი რადას ანტიკორუფციული პოლიტიკის კომიტეტის წევრებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საკვების მიწოდებასთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ ესაუბრა. ყოფილმა მინისტრმა მაშინ აღნიშნა, რომ შეცდომები იყო დაშვებული.