პოლიტიკა

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად…. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, -აღნიშნა ელჩმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო:

„ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, – აღნიშნა ელჩმა.

რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა „ცალკე მას არ უთხოვია მასთან შეხვედრა“.

„რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:

„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.

გარდა ამისა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, დალაპარაკებდა საქართველოს მიმართ პოლიტიკაზე და ჰქონოდა გზამკვლევი, კერძოდ, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის.

„მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას“, – აღნიშნავს ელჩი.

ელჩი, რომელიც ივლისში საქართველოს ტოვებს, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობების „სწორ გზაზე დაბრუნება არც ისე რთულია“ და ამას, პირველ რიგში, სჭირდება „ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“.

„ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე, კერძოდ ის, რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას – არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე – არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა